ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘სლენგი

პირველად საქართველოში დედა მოეკლა ყველას!

with 14 comments

1972 წელს ჯორჯ კარლინმა თავის მონოლოგში “Seven Words You Can Never Say on Television” (შვიდი სიტყვა, რომელთა თქმაც არ შეიძლება ტელეეთერში), თავი მოუყარა იმ სიტყვებს, რომლებიც ყველაზე უხეშად და უშვერად იყო შერაცხული ინგლისურ ენაში. სავსებით ცხადია, ახლა რა გაიფიქრეთ, ამიტომაც ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით ამ სიტყვებს აქვე ჩამოვთვლი და მთავარ სათქმელზე გადავალ… ეს სიტყვებია: Shit, Piss, Fuck, Cunt, Cocksucker, Motherfucker, Tits (სიტყვებს თარგმანი არ სჭირდება :)

ერთხელ დავინტერესდი და ჩამოთვლილი ინგლისური სიტყვების ანალოგებს დიდი ხანი ვეძებდი ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. მაშინ, გავიფიქრე ეს სიტყვები შეიძლება არაქართული წარმოშობისაა და ამიტომაც, როგორც ბარბარიზმი, არ შეიტანეს ქართული ენის ამაგდარმა მამებმა საშვილიშვილო გამოცემაში მეთქი, როგორც იმ სიტყვების შემთხვევაში გვაქვს, როგორებიცაა: ნაშა, თომარი, შმონი და ა.შ. თუმცა ჩემი ვარაუდი იმწამსვე გაქარწყლდა, როდესაც სულხან–საბას “სიტყვის კონაში” ყველა ის უშვერი სიტყვა ვიპოვე, რომლებსაც ვეძებდი. სულხან–საბა თავისი საქმის პროფესიონალი იყო და მსგავსი სტერეოტიპული შიშები, როგორც ჩანს, არ ანაღვლებდა… შედეგად დავწყნარდი, ყველაზე მამა–პაპური ქართული სიტყვა ჯიშიანი ქართული ყოფილა მეთქი და ამაზე ფიქრს შევეშვი, მაგრამ დროებით…

ჩვენთან ჯორჯ კარლინის მიერ კლასიფიცირებული სიტყვების ქართული შესატყვისები კვლავაც ტაბუდადებულია და მათი (მინდოდა დამეწერა “ხმარება” მეთქი, მაგრამ მივხვდი რომ ამ სიტყვის გაჟღერებასაც ერიდებიან მავანნი და მავანნი) გამოყენება ჯერ კიდევ “ვაშინერსია” საქართველოში. ძალიან რომ “გავაჯაზოთ”, იქამდეც შეიძლება მისვლა, რომ სიტყვა ცალკე აღებული ბგერების ერთობლიობაა და კონტექსტის გარეშე ის მხოლოდ აღნიშნული საგნის, ან ცნების მხოლოდ და მხოლოდ პლატონისეულ იდეას, ან არისტოტელესეულ კლასს აღნიშნავს და მეტ არაფერს… ჰოდა, რატომ ხდება სიტყვების სტიგმატიზება და გარიყვა აკადემიური და ლიტერატურული ენიდან, აქედან გამომდინარე არ მესმის?!

ამ ყველაფერზე კიდევ ერთხელ მაშინ დავფიქრდი, როდესაც “ასავალ–დასავალის”  2008 წლის 29 სექტემბრის ნომერში ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი წავიკითხე:

პირველად საქართველოში შეარემონტეს “კრიშა”,
პირველად საქართველოში დემოკრატია იშვა.
პირველად საქართველოში უეკლოდ კრიფეს ვარდი,
პირველად საქართველოში ვარდს და ნეხვს ერთურთს ვადრით.
პირველად საქართველოში ვუყურებთ ნამდვილ პატრულს,
პირველად საქართველოში ვხვდებით ჯარისკაც ნატრულს.
პირველად საქართველოში რუსეთს გავცილდით დროზე,
პირველად საქართველოში ბუშმა იცეკვა დოლზე,
პირველად საქართველოში ლობიო ეტრფის ქოთანს,
პირველად ჩვენმა “დინამომ” წააგო ზესტაფონთან.
პირველად საქართველოში სირზე ვკიდივართ ოსებს,
პირველად საქართველოში სოროსით შევიმოსეთ.
პირველად საქართველოში აფხაზი გახდა რუსი,
პირველად საქართველოში ვეძებთ ჩასაცმელ “ტრუსიკს”.
პირველად საქართველოში დარგეს ჭადრის ხე – ექვსი,
პირველად საქართველოში სძულთ რუსთაველის ლექსი.
პირველად საქართველოში აღიარებენ “ცისფერს”,
პირველად საქართველოში მკვახე სჯობია მწიფეს.
პირველად საქართველოში ჭაბუა დარჩა სახტად,
პირველად ამირჯანოვი ამირეჯიბი გახდა.
პირველად საქართველოში ჭიპი მოუჩანს გოგოს,
პირველად საქართველოში ვერ ვგრძნობთ ამინდის პროგნოზს.
პირველად საქართველოში ხალხმა თბილისი ნახა,
დღეს რუსთაველზე პირველად გაისეირნა ხალხმა.
პირველად საქართველოში ზეობს კანონი მკაცრი,
სამსახურიდან გაყარეს – ასი ათასი კაცი.
ჭეშმარიტებას ვერ ვმართავთ ან როგორ უნდა ვმართოთ,
პირველად საქართველოში დავკარგეთ სასამართლო.
პირველად გახდა ქართველი ამერიკელის დახლი,
პირველად საქართველოში მწერლებს წაართვეს სახლი.
პირველად საქართველოში არ ვეპუებით წყენას,
პირველად საქართველოში დედა მოეკლა ყველას.

ლექსში განხილულ სოციალურ თუ პოლიტიკურ რეალიებზე ყურადღება არც პირველი წაკითხვის დროს მიმიქცევია და მათზე არც ეხლა შევჩერდები. კვლავ იმ ფენომენზე მსურს საუბარი, რასაც “ლექსის გაფუჭება” ჰქვია. არ ვიცი ჯანსუღ ჩარკვიანს ხელნაწერში, რომელიც გაზეთის რედაქციას გაუგზავნა, რა სიტყვა ეწერა “მოეკლას” ნაცვლად, თუმცა ფაქტია, რომ ლექსის პათოსი ჯეროვანი კრეშჩენდოსათვის სხვა სიტყვას ითხოვს და თითოეულმა ჩვენთაგანმა ლექსის ჩაკითხვის დროს ეს სიტყვა წაიკითხა “მოეკლას” ნაცვლად… რატომღაც მგონია, რომ ავტორს ეს არ შეეშლებოდა და თავად ლექსის გაფუჭების მიზეზი “ვაი ცენზორი” რედაქტორების რიგებში უნდა ვეძიოთ.

მსგავსი შემთხვევები ხშირადაა ქართულ მედია სივრცეში. მრავალი საუბრობს ქართული მედიის მართულობის და ცენზურის არსებობის შესახებ, თუმცა ეს ამ შემთხვევაში არ არის საინტერესო… საინტერესო კოლექტიურ არაცნობიერში ჩაბუდებული ის ცენზორია, რომელიც გაუაზრებლად ბლოკავს და ფილტრავს ტაბუდადებულ ფრაზებს, სიტყვებს, აზრებს, არ გამოაქვს სააშკარაოზე ისინი და ამით მათ უფრო მეტ საკრალურობას მატებს…

იგივე პრობლემას აწყდებიან ჩვენს ტელევიზიებში ქართულ ენაზე უცხოური ფილმების თარგმნის დროს. იქიდან გამომდინარე, რომ უშვერი, მაგრამ ნატურალური სიტყვების გაჟღერება არ შეიძლება, თითქოსდა ახალ ტეტრაგრამატონებთან გვქონდეს საქმე, თარჯიმნები იძულებულები არიან ხელოვნურად შექმნან ისეთი მარგალიტები, როგორებიცაა – “იმისი დედაც ჯეკ”, “ეშმაკმა დალახვროს, ჯონ”, “ერთი მაგისიც” და ა.შ. მართალია, იყო შემთხვევები, როდესაც ერთი ერთში სცადეს ნატურალურობის გადმოტანა ეკრანზე, ეს რამდენჯერმე იყო, ისიც არა ტელეეთერში, არამედ კინოთეატრში და მაშინაც, კარგად მახსოვს ქართული ენის ბურჯებმა შემოკრეს განგაშის ზარებს და იმ მერცხლებს მაშინ გაზაფხული არ მოუყვანიათ…

ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა რომ უშიშრად და ჩაუსწორებლად შეგვიძლია დავწეროთ პრესაში: “სირზე ვკიდივართ ოსებსო”, ყველამ კარგად იცის, რომ ეს ფრაზა მაინც ევფემიზმად მოიაზრება და ცენზურა მაინც “რულზ” :))))

Advertisements

ოთუზ–ბირი და იარაღი

with 14 comments

ქართულ ენაში ძალიან დიდი ხანია დამკვიდრდა ეს სიტყვები. თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რა შესაძლო კავშირი შეიძლება იყოს მათ შორის. ყოველ სიტყვას თავისი ისტორია აქვს და ხშირად ისე მოხდება ხოლმე, რომ სიტყვის წარმოშობის სათავეების საძებრად წასული უბრალოდ დაინტერესებული ადამიანი მისთვის უჩვეულო და მოულოდნელ რაიმეს აღმოაჩენს ხოლმე. ასე დამემართა მეც ალმა–ატაში რომ ვიყავი. იქ “თურქსელის” წარმომადგენლები იყვნენ და ერთხელ რესტორანში შუა ქეიფში მათ ასეთი შეკითხვა დავუსვი: ქართულში გვაქვს სიტყვა ოთუზ–ბირი და “ძალიან ძვირის” მნიშვნელობით აქა–იქ იხმარება მეთქი და ვიცი, რომ თურქულად ოთუზ–ბირ “31”–ია და ხომ ვერ ამიხსნით რა კავშირია მათ შორის მეთქი. ამის გამგონე თურქებმა მაგიდასთან ფხუკუნი ატეხეს და მომიგეს, ახლა ქალები სხედან და მერე გეტყვითო (ინტრიგა!). საბოლოო ჯამში გვერდზე გამიხმეს და მითხრეს ოთუზ–ბირ თურქულ ჟარგონზე მასტურბაციასა და ონანიზმს ნიშნავსო. მერე კავშირი მეთქი? – რაზედაც გონებამახვილმა თურქმა ინგლისურად მომიგო – “მასტურბაცია, როგორც სერვისი ძალიან ძვირი ღირსო…” :)))

მეორე ისტორიაც თურქებს უკავშირდებათ, უფრო სწორად თურქულ ენას. ერთხელ ერთმა ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, მოდი მტრის ენის შესწავლა დავიწყოთო (ნუ, თურქებთან ვმუშაობ, რა ვქნა?! :), ხოდა ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ვისწავლოთ და აბა ნახე მამაკაცის სასქესო ორგანო ყველაზე “პახაბნი” ფორმით თურქულად როგორ ჟღერსო. მივგუგლ–მოვგუგლე და აღმოვაჩინე რომ ქართულ სამ–ასოიან კომბინაციას თურქულში “Yarak” შეესებამაბა, ანუ იგივე სიტყვა რაც ჩვენი “იარაღი”. ეს რომ გავიგე ჩემთვის ჩავფიქრდი და მივხვდი, რომ თურმე დიდი თურქობის საჩუქარი დღესაც ამშვენებს ჩვენს ენას სიტყვა “იარაღის” სახით. ოდესღაც, 1080 წელს, თუ კარგად მახსოვს ამ დროს იყო დიდი თურქობა, არ გვაკმარეს რა მათი იარაღით  ჩვენი გაჟუჟვა, უფრო მეტიც ჩვენს ენაში დაგვიტოვეს სუვენირი და დღემდე ჰყვებიან სტამბულიდან დაბრუნებული ქართველები ამბავს თუ როგორ შევიდნენ იარაღის მაღაზიაში და ერთ–ერთ მათგანს რომ წამოუძახია, “შეხედე რამდენი იარაღიაო” და მერე ისეთი უხერხული სიტუაცია შექმნილა, სწრაფადვე გამოსულან მაღაზიიდან.

ერთი სიტყვით ასე იყო თუ ისე, ჩვენს ენას “ამშვენებს” თურქული სიტყვები, თან ისე რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენმა უმრავლესობამ არც კი იცის, თუ რა წარმომავლობისა არიან ისინი და რა შესაძლო კავშირი შეიძლება ჰქონდეთ მათ, ასე რომ ახლა ალბათ გასაგებია, თუ რა კავშირია ოთუზ–ბირსა და იარაღს შორის?! :)

Written by linguistuss

October 6, 2008 at 1:02 am