ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘სოციალური ქსელი

ბლოგი vs. სოციალური ქსელი

with 27 comments

გუშინ წავიკითხე Guardian–ში ვინმე ჩარლზ არტურის სტატია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბლოგი, როგორც გასართობი საშუალება, კვდომას იწყებს. სტატიის ავტორი სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა და აანალიზებდა ბოლო ტრენდებს ინტერნეტ სამყაროში. საბოლოო ჯამში ავტორს იმის თქმა სურდა, რომ სოციალური ქსელები ბოლო დროს ბლოგის ფუნქციას ითავსებენ და ამიტომაც ბლოგების უმრავლესობაზე ახალი პოსტები არ იწერებაო. ამის შესახებ რომ დავფიქრდი ვეცადე ეს აზრი ქართულ რეალობაზე გადმომეტანა და გადამეხედა ჩემი ბლოგ–როლისთვის, აღმოვაჩინე, რომ ქართულ ბლოგოსფეროში ყველაზე პოპულარული ბლოგებიც კი, არც თუ შესაშური ინტენსივობით ახლდება. ამავდროულად თუ შევადარებთ ზემოხსენებული ბლოგების დიასახლისებისა თუ მამასახლისების აქტიურობას სოციალურ ქსელებსა თუ ფორუმებზე, ძნელი ხდება არ დაეთანხმო ჩარლზ არტურს…

მაგალითისთვის დოდკა სამშობიაროდან ახალნამშობიარებ მდგომარეობაში აცხობდა კიბორგაზე (მის მეუღლეზე) გრძელ პოსტებს ფორუმზე და ფეისბუქში სტატუსებს მისი პატარა ვილის პამპერსებზე უფრო ხშირად ცვლიდა, საკუთარ ბლოგზე კი ამასობაში ერთი სამხაზიანი პოსტი დაწერა, ეს იყო და ეს. სვითის ბლოგიც არ წარმოადგენს ამ შემთხვევაში გამონაკლისს, მისი აქტიურობა ფეისბუქში და ბლოგზე ერთმანეთს საერთოდ ვერ შედარდება. სხვა პოპულარული ბლოგერებიც (როკო, საბუნია, პიკოლინა, თინი) ზუსტად იმავე მდგომარეობაში არიან. ისმის შეკითხვა რაში სჭირდება ამ ხალხს ბლოგი, თუკი უმთავრეს დროს ისინი ფეისბუქში და სხვადასხვა ფორუმებზე ატარებენ და მათი აქტივობა მათსავე ბლოგს მცირე პროცენტით ხმარდება? ამასთან შეინიშნება ერთობ საკრალური დამოკიდებულება საკუთარი ბლოგის მიმართ აი, თითქოს ბლოგი ბუდუარი იყოს და განსაკუთრებულად წმინდა ადგილი…

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამასთან დაკავშირებით ვატარებდი ექსპერიმენტს, რომელიც ძალიან მარტივი იყო. ჩემი აქტივობა ბლოგზე სამჯერ თუ არა ორჯერ მაინც გავზარდე და ყოველ დღე ახალ პოსტს ვაცხობდი, მაქსიმალურად ვცდილობდი საინტერესო ყოფილიყო ნაწერი და ამასთან ახალი პოსტების გაპიარებაზეც არ ვიშურებდი დროსა და ენერგიას. შედეგმაც არ დააყოვნა და უნიკალური იუზერების დღიურმა რაოდენობამ ორას ადამიანს მიუკაკუნა მაშინ, როდესაც ოთხმოცი უნიკალური იუზერი დღეში მაქსიმუმი იყო. ჩემი ექსპერიმენტი შედგა, რიცხვებმა აჩვენა, რომ აქტიურობა ბლოგზე მნახველების რაოდენობას აორმაგებს, მაგრამ სად არის ეს აქტიურობა? რატომ არ იშურებენ ამ აქტიურობას ფეისბუქში და ფორუმებზე?

ბოლო კითხვაზე პასუხი ვერ მოვძებნე. თავად ჩარლზ არტური ამბობს, რომ ბლოგის სტატიის წერას უფრო მეტი დრო და შემოქმედებით რესურსი უნდა, ვიდრე სოციალურ ქსელებში დაკომენტებასო, ამიტომაც ადამიანები უფრო მოკლე და ადვილ გზას ირჩევენ თვითგამოხატვისთვისო. არ ვიცი, თუმცა ფატია, ფეისბუქი ნელ–ნელა ყლაპავს არათუ ბლოგებს, არამედ ფორუმებსაც… ძალიან მაინტერესებს მომავალ წელს ამ დროს რა იქნება ნომერი პირველი გასართობი ქართულენოვან ინტერნეტში, მას შემდეგ რაც ყველა ქართველი ერთმანეთის მეგობარი იქნება ფეისბუქზე?! :)

Written by linguistuss

July 6, 2009 at 5:23 am

ჩვენ ყველანი უკვდავები ვართ…

with 13 comments

ჩვენ ყველანი უკვდავები ვართ… ასე იწყებოდა სტატია, რომელიც ხუთი წლის, 2003 წელს წავიკითხე და დღემდე მახსენებს თავს, როდესაც ინტერნეტის და სიკვდილის თემას ვაწყდები. სტატია ერთი ჩვეულებრივი იუზერის, დონ მარტინის სიკვდილს იუწყებოდა. თითქოს არაფერი, ასეთი ინფორმაციით სავსეა მთელი ინტერნეტი, მაგრამ სტატიის ავტორი, რომელიც აწგარდაცვლილი იუზერის ვირტუალური მეგობარი გახლდათ, სხვა რამის თქმას ცდილობდა…

2003 წელი ეს ის დრო იყო, როდესაც სოციალური ქსელები ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაში იმყოფებოდა, ICQ და MSN Messenger ერთმანეთს ეჭიდავებოდნენ და MIRC–ი სულს ღაფავდა. ეს ის დრო იყო, როდესაც ადამიანების სოციალური აქტივობა ქსელში კვლავაც ტაბუდადებული თემა იყო, როდესაც ინტერნეტ ნაცნობობის შესახებ შეფარვით და მოკრძალებით საუბრობდნენ, აქაოდა ვინმემ ინფანტილიზმში არ გამოგვიჭიროსო და სწორად ამ დროს, წავიკითხე სტატია, სადაც მოთხრობილი იყო ერთი უბრალო იუზერის, დონ მარტინის გარდაცვალების შესახებ.

თავად სტატიის ავტორს უკვირდა, თუ რატომ სწუხდა ადამიანზე, რომელსაც არ იცნობდა, ამასთან იმასაც აცნობიერებდა, რომ დონ მარტინი მისთვის კვლავაც განაგრძობდა ცხოვრებას, იმ დანატოვარი პოსტებისა თუ ი–მეილების სახით, რომლებიც უხვად აღმოჩნდა The Inquirer-ის ფორუმზე. ერთადერთი განსხვავება, მკვდარ და ცოცხალ დონ მარტინს შორის ის იყო, რომ თანაფორუმელები მის ახალ პოსტებს და, მასთან უფრო დაახლოებული პირები, მის ი–მეილებს ვეღარ მიიღებდნენ. მთავარი მესიჯი, რომლის მოტანასაც სტატიის ავტორი ცდილობდა ის იყო, რომ სიკვდილის ცნებას ვირტუალურ რეალობაში სხვა განზომილება აქვსო. დღესაც დევს The Inquirer-ის ფორუმზე დონ მარტინის პოსტები, ფორუმიც მისი სახელობისაა და ალბათ დღემდე ეცინებათ თანაფორუმელებს მის ცინიზმითა და ირონიით აღსავსე პოსტებზე. სტატიის ბოლოს კი ნათქვამი იყო, რომ ჩვენს ფორუმზე სამასი ათასი პოსტია და თუ შეიძლება ნუ წაშლით, ჩვენ ყველანი უკვდავები ვართო…

ეს სტატია კიდევ ერთხელ გამახსენდა, მირიამ მაკებას სიკვდილის შესახებ რომ შევიტყვე გუშინ. პრინციპში არც არაფერი შეცვლილა ჩემთვის და ბევრი მისი სხვა მსმენელისათვის – ამ შემთხვევაშიც ერთადერთი განსხვავება ცოცხალ და გარდაცვლილ მირიამ მაკებას შორის ის არის, რომ მის ახალ კომპოზიციებს მე და ბევრი ჩემნაირი უბრალო იუზერი ქსელში ვეღარ მოვიძიებთ, ძველ ფაილებს კი განადგურება მანამ არ უწერიათ, სანამ ინტერნეტი არსებობს…

შეიძლება ვიღაცამ ცინიკური მიწოდოს სიკვდილზე და გარდაცვლილ ადამიანებზე ასეთი ტონით საუბრისათვის, თუმცა ფაქტია – სიკვდილს ქსელში სხვა განზომილება აქვს და მისი საზომი უკვდავებაა… უკვდავება იმ დიდი და პატარა ფორმით, რომელიც მილან კუნდერამ გოეთესა და ჰემინგუეის ჰიპოთეტური საუბრის დროს აღწერა. პატარა უკვდავება, კუნდერას სიტყვებით, ადამიანს მაშინ ეწვევა, როდესაც მის შესახებ ხსოვნა მის ნაცნობ–მეგობრებში, ანუ იმ ხალხში რჩება, რომლებიც პირადად იცნობდნენ მას. დიდი უკვდავება კი ეს ის ხსოვნაა, რომელიც ილექება მომდევნო თაობებში სხვადადხვა ფორმით.

იანვარში ალმა–ატაში ყოფნის დროს, როცა გარეთ მინუს 25 გრადუსი იყო და თვითიძულების წესით ტელევიზორს ვუყურებდი, ედმუნდ ჰილარის გარდაცვალების ამბავი შევიტყვე. მხრები ავიჩეჩე და განვაგრძე ახალი ამბების მოსმენა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს, ვინაიდან ჰილარი ჩემთვის, იმ ჰიპერტექსტური სამყაროს უბრალო იუზერისთვის, სადაც იგი ევერესტის პირველი დამპყრობელია, უკვე დიდი ხნის მკვდარი იყო. ზუსტად მაშინ გარდაიცვალა ჩემთვის ჰილარი (…და სხვა იუზერებისთვისაც), როცა თავი დაანება სოციალურ აქტივობას და ოკლენდში, ოკეანისპირა სახლში, ცისკრის პირას მბჟუტავი სანთელივით ჩაქრობა დაიწყო…

ბოლო ერთი თვეა, რაც ამ ბლოგში რაღაცეების წერა დავიწყე, იმდენმა ჩემთვის დავიწყებულმა ადამიანმა მიპოვა, მე თვითონაც გამიკვირდა. მოვიდნენ და მითხრეს, გვიხარია რომ ცოცხალი ხარო. დღეს სამსახურიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, სწორად ამაზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი იმაზე, უცებ ავარია რომ მომსვლოდა და ჩემს არსებობას არარსებობა ჩანაცვლებოდა, რა დაემართებოდა ამ ბლოგს და უცებ პასუხიც ვიპოვე – არც არაფერი დაემართებოდა, იქნებოდა მანამ, სანამ იარსებებდა ვორდპრესი ერთი უუუბრალო განსხვავებით – აქ მეტი პოსტები აღარ დაიდებოდა :)