ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘სპარსული

ჰოვსილა, ანუ მოთმინების ფიალა

leave a comment »

howtosisyphus-750xx3261-1840-0-324

დიდი ხანია ლექსიკონებს ვუკირკიტებ, რათა “ჰოვსილას” წარმომავლობა დავადგინო. საინტერესოა, რომ აკა მორჩილაძის წიგნებში ეს სიტყვა მხოლოდ “ოფსილას” ფორმით გვხვდება და ასევე სალმან რუშდის “ეშმაკეული აიების” თარგმნისას მთარგმნელმაც და რედაქტორმაც ორივემ დაიზარა განმარტებითი ლექსიკონის გადაშლა და იქაც “ოფსილა” წერია, თან ორ სხვადასხვა ადგილას. ბარემ ბონუსად ენტონი ბერჯესის “მექანიკური ფორთოხლის” ქართული თარგმანიც ვახსენოთ, სადაც ასევე “ოფსილა” გვხვდება და ეს უკვე, დამეთანხმებით, ტრენდია.

ყველაზე ძველი ჩანაწერი ლექსიკონებში იოსებ გრიშაშვილის “ქალაქურ ლექსიკონში” ვნახე, სადაც “ჰოვსილა” განმარტებულა, როგორც – არაქათი, ძალ – ღონე, ენერგია – და იქვე ავტორი კითხულობს – ამ სიტყვის მეორე ნაწ. – სილა რაიმე დამოკიდებულებაში ხომ არ არის რუს. „სილასთან?“-ო.

ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში რატომღაც “ჰ” დაიკარგა და განმარტებაც ჰგავს გრიშაშვილისეულს: “ძვ. საუბ. ძალა, ღონე, ნიათი. მართალს ამბობენ, რომ სულს სიბერე, დაუძლურება, დაჩლუნგება, ქანცის და ოვსილას გამოცლა ადლზედაც არ ეკარებაო («ივერია»).”

აქვე, სანამ იმას დავწერ თუ რა გავარკვიე, მამაჩემის პოსტიდან ამონარიდსაც მოვიშველიებ, სადაც იგივე წერია:

“ჰოდა, ის გამახსენდა, მამაჩემი და მისი მეგობრები, ძველ თბილისში დაბადებულები და გაზრდილები, ხშირად იყენებდნენ საუბრისას არაბულ სიტყვებს: მაზალო, ჰოვსილა, მარაქა, სამთი…. მე მოგვიანებით გავიგე, რომ ეს არაბული სიტყვებია, მაგრამ მათი მნიშვნელობა კარგად ვიცი ბავშვობიდანვე, რადგან მეც ძველ თბილისში გავატარე და ვატარებ მთელ ჩემს ცხოვრებას… „მარაქა“ და „მაზალო“, ასე თუ ისე, ბევრმა იცის, „(ჰ)ოვსილა“ – ღონე, ძალა – ნაკლებად იციან, აი, „სამთ-ი“ კი პრაქტიკულად არავინ იცის ძველი თბილისის ფარგლებს გარეთ… ეს არის: წესი, ქმედების სახეობა, მეთოდი … ასე ამბობდნენ ხოლმე: „ამ საქმის სამთი თუ არ იცი, ვერ გააკეთებ-ო“

საინტერესოა, რომ სპარსულში, საიდანაც იხელმძღვანელა მამაჩემმა, ეს სიტყვა ასე გამოიყურება:

21457451_10208268571190498_6161386974663196040_o

თუმცა ამ გამოძიებაში ჩემთვის საინტერესო ნაწილი არაბულ ლექსიკონში დაიწყო, როდესაც აღმოჩნდა, რომ არაბულში حوصلة (ჰავსალა) ფრინველის ჩიჩახვიდან დაწყებული, ყველანაირ ბუშტს ნიშნავს, რაშიც რაღაც გროვდება, მათ შორის შარდის ბუშტს, ნაღვლის ბუშტს და ა.შ.

თავსატეხის ბოლო ნაწილი, რომელმაც სრული სურათი დახატა ჩემს პაზლში ედვარდ გრენვილ ბრაუნის 1887 წელს გამოცემული წიგნია, “ერთი წელიწადი სპარსთა შორის“, რომელსაც გუგლის წიგნების საშუალებით მივაკვლიე, სადაც სქოლიოში დატანილია შემდეგი:

21622181_10212613550347651_1264095040_n

ესე იგი როგორც ირკვევა აბსტრაქტულად მოაზროვნე არაბებისგან მეტაფორულად მოაზროვნე სპარსელებმა სიტყვა ისესხეს და მნიშვნელობაც შეუცვალეს. თუ არაბებისთვის დახურული სფეროსებური საწყაო იყო, სპარსულში ამას ამტანობის და მოთმინების მნიშვნელობა დაემატა და როგორ არ გაგახსენდეს ადამიანს ალფრედ ჰიჩკოკის სიტყვები: “ფილმის ხანგრძლივობა შარდის ბუშტის ტევადობის პროპორციული უნდა იყოსო”, როცა არაბულში “ჰავსალას” ერთ-ერთი მნიშვნელობა ნამდვილად არის შარდის ბუშტი, აქვე ბარანოვის ლექსიკონიდან სქრინი:

21586319_10212613410464154_835156565_n

დაბოლოს ამ ყველაფრის გათვალისწინებით “ჰოვსილა” რომ მოთმინების ფიალად გვეთარგმნა თავის დროზე, რა მოხდებოდა ვითომ?!

Advertisements

ჩვენი უბნის თოჯინა

with 2 comments

ერთი მეზობელი გვყავდა უბანში, იმხანად უკვე მოხუცი ქალი იყო, უბნის დიდ–პატარანი, ქალიან–კაციანად ყველა ემდუროდა – ანჩხლი და კაპასი ადამიანიაო. კიდევ ის მახსოვს, რომ ჩვენი ეზოს მოპირდაპირე მხარეს, გზისგადაღმა ორსართულიანი სახლის არც ეზოში და არც კიბეებზე ბავშვებს არ მიგვესუნინებოდა იმ ქალის რიდით… ეზოების და კიბეების მეტი რა იყო გარშემო, მაგრამ ყველას მაინც იქითი გვიწევდა გული, ვერ–კი შევდიოდით – გვეშინოდა დაცაცხანების…. ჰოდა, სახელიც უცნაური ერქვა – Арусяк…. როგორც ჩანს, ბავშვობიდანვე ინტერესი მქონდა სიტყვების მნიშვნელობის მიმართ, მაგრამ, აბა, მაშინ რას გავარკვევდი, თუ რატომ ერქვა ასეთი განსხვავებული სახელი…. სამეზობლოში ზოგი “მარუსიაკას” ეძახდა (სომეხი კი იყო, მაგრამ რუსულად გაზრდილი) და ამაზე ძალიან ჯავრობდა ის ავი დედაკაცი, თუმცა–კი ახლა ვხვდები, რომ თავადაც ნამდვილად არ ეცოდინებოდა, თუ რა წარმომავლობა ჰქონდა მის სახელს…

“არუს” არაბულად პატარძალია.

“არუს–აქ” – პატარა პატარძალი ანუ თოჯინა.

ეს “აქ” კნინობითი ფორმის მაწარმოებელი ბოლოსართია სპარსულში: “მიხ” (ლურსმანი) – “მიხ–აქ” (პატარა ლურსმანი ანუ ჩვენთვის კარგად ცნობილი ყვავილი მიხაკი). რაღა შორს წავიდეთ, ეს ბოლოსართი ქართულ სიტყვებსაც ერთვის: წიგნი – წიგნაკი, აგარა – აგარაკი, მილი – მილაკი….

ერთი სიტყვით, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, როცა აღარც ის ჩვენი უბანი არსებობს (ახლა იქ სამების ტაძარია) და აღარც ის აშარი ქალი თავისი დაგრეხილი კიბით, ახლაღა გავიგე, რომ, სახელიდან გამომდინარე, “არუსიაკ–ბაბო” ჩვენი უბნის “თოჯინა” ყოფილა…. გაგიგია?!

* * *

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ “არუს”–ს (პატარძალს) რუსეთში რაღა ესაქმება?!

ვითომ გვარი Аросьева ამ სიტყვიდან მოდის?

გეხსომებათ ეს მსახიობი – ოლგა აროსევა (იხილეთ ფოტო) – იგივე პანი მონიკა იუმორისტული გადაცემიდან “13 სკამი”…. (ბოდიშს ვითხოვ, რუსული თემატიკის შემოტანისთვის, ჩემი ბრალი არ არის, რომ იმ ეპოქაში დავიბადე…. ამ ეპოქაში რომ დავბადებულიყავი, ალბათ, არც არუსიაკა მეცოდინებოდა, არც აროსევა და არც სპარსელი პატარძლები…. თუმცა ვინ იცის?! – ირანი ძალიან აქტიურად ბრუნდება კავკასიაში, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკაა და მე მასთან უმძრახად გახლავართ…. ირანთან კი არა, – პოლიტიკასთან).

პოსტის ავტორი: მამაჩემი

აი, თურმე “არახჩინი” რა ყოფილა

leave a comment »

ნიკო ჩუბინაშვილი ქართულ–რუსულ ლექსიკონში წერს:

არახჩინი – იარაღჩინი, თალფაქი, скуфейка, колпак

არა, ბატონო ნიკო! თურქული ელფერის სიტყვა “იარაღჩინი” აქ არაფერ შუაში, ეს თავად არაბულ–სპარსული კომპოზიტი “არაყ–ჩინ”–ი ყოფილა!

ძალიან საინტერესო სიტყვაა: არაბულ “არაყ”–ს, რაც ნიშნავს “ოფლს” დამატებული აქვს სპარსული ზმნის “ჩიდან”–ის (კრეფა, შეკრება) აწმყო დროის ფორმა “ჩინ”.

გაიხსენეთ სახელი “გულ–ჩინ”–ა, რაც “ყვავილების მკრეფელს” ნიშნავს.

ასე რომ “არაყ–ჩინ” არის ქუდი, რომელიც ოფლს კრებს (ისრუტავს)….

ვახუსტი კოტეტიშვილის ლექსი “რუბია” გამახსენდა:

(ეძღვნება 15 წლის სამარყანდელ გოგონას რუბიას, მკერდმოვერცხლილსა და ორმოცნაწნავიანს, რომელმაც მთხოვა:
თბილისში წამიყვანე, იქ, შენს ჩაიხანაში, ფიალებს დაგირეცხავო).

ჯერ პატარა გოგონაა რუბია,
წარბი წარბზე სურმით გადაუბია,
თავზე ჭრელი არახჩინი უხდება,
ბაგეები მარჯნად გადაუპია.

პოსტის ავტორი: მამაჩემი

Written by linguistuss

February 20, 2011 at 2:50 am

საიდან გაჩნდა იმერეთში “აჯამი”?

with 4 comments

“აჯამ” (اعجم) არაბული სიტყვი და ნიშნავს “არაარაბს” ანუ მას, ვინც არაბი არ არის და არაბულად არ ლაპარაკობს…. ეს სიტყვა შემდეგ ირანშიც გადავიდა და აღნიშნავდა ისლამის გავრცელების საზღვრებს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც მუსლიმანები (რბილად რომ ვთქვათ) არცთუ ცივილიზირებულად თვლიდნენ….

ეს სიტყვა ქართულშიც შემოვიდა და ისეთი ადამიანებისთვის გამოიყენებოდა, რომლებსაც ვერაფრით ვერაფერს ვერ გააგონებდი… ვინც “ერთხელ რომ შეჯდა ვირზე” იქიდან ჩამოსვლას აღარაფრისდიდებით აღარ აპირებს….

* * *

ქვემო იმერეთში არის “აჯამეთის ნაკრძალი”, სოფელი აჯამეთი და მდინარე აჯამურა (ბაღდათის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების საზღვრების აქეთ–იქით); ნამდვილად ვერ გეტყვით, ეს უბრალო დამთხვევაა სიტყვებისა თუ არის რამე კავშირი (არაბული “აჯამ” და ქვემოიმერული “აჯამ” ძირი), მაგრამ იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, რომ 1987 წელს გამოცემული წიგნის – “საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის” – შემდგენლები ნამდვილი “აჯამები” არიან:

* * *

ჯამურა (გვ.138) – მდინარე საჩხერის რაიონში, ყვირილის აუზში დააკვირდით – მითითებული არ არის, თუ რომელი მხრიდან ერთვის ყვირილას და ამას თავისი მიზეზი აქვს (ქვემოთ მოგახსენებთ მიზეზს)… ყველა სხვა მდინარესთან კი აუცილებლად მითითებულია, თუ საიდან ერთვის სხვა მდინარეს.

აჯამურა (გვ.21) – მდინარე ზესტაფონის რაიონში, ყვირილის მარცხენა შენაკადი.

მართველა (გვ. 66) – მდინარე საჩხერის რაიონში, ჯამურის მარცხემა შენაკადი

* * *

რომ გადაატრიალოთ ყველა რუკა, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ჯამურას მისი შენაკადით – მართველათი – ვერსად იპოვით, სამაგიეროდ ზესტაფონთან არის მდინარე აჯამურა (სამხრეთი მხრიდან შედის ზესტაფონში და უერთდება ყვირილას) და მას მარცხნიდან ერთვის მართველა…. საინტერესოა, რა მონაცემების საფუძველზე გადააქციეს ხსენებული წიგნის ავტორეებმა აჯამურა ჯამურად და მისი შენაკადიც თან მიაყოლეს ზესტაფონიდან საჩხერეში გადაბარგებით?!

* * *

თუ ეს ყველაფერი მე მეშლება და საჩხერის ტერიტორიაზე ვერ ვიპოვე “ჯამურა” თავისი შენაკადით, დამიძახეთ “აჯამი” და მაიძულეთ “ჩემი ვირით” მოვიარო მთელი ზემო და ქვემო იმერეთი და მოვძებნო ეს ეს ჩემი ცოდვით სავსე მდინარე “ჯამურა”.

* * *

ჯამურა კი იმიტომ მოიხსენიეს ყვირილის აუზის მდინარედ, რომ რუკაზე მათაც ვერ იპოვეს და ვერ გაარკვიეს, საიდან ერთვის ეს არარსებული მდინარე ყვირილას.

პოსტის ავტორი: მამაჩემი

Written by linguistuss

February 13, 2011 at 1:29 am

ბეჭდების მბრძანებელი სპარსულად

with 3 comments

სიტყვა “მურტალი” საკმაოდ არასასიამოვნო ასოციაციებს იწვევს და, რომ არა ნოდარ დუმბაძის “კუკარაჩა”, ეს სიტყვა შეიძლება მხოლოდ ძველი თბილისის უბნებში შემორჩენილიყო და კახეთშიც, ოდნავ სხვა ფორმით – “მურდალო!” – ასე ამბობენ კახელები და საინტერესო ის არის, რომ ამ “ვარიაციით” ნამდვილად ამტკიცებენ, რომ ისინი ყველაზე უფრო ახლოს იდგნენ ოდესღაც ირანთან და სპარსულ ენასთან, რადაგან ხსენებულმა სალანძღავად ქცეულმა ლექსიკურმა ერთეულმა კახეთიდან თბილისამდე მგზავრობისას “დონ”–ი შეიცვალა “ტარ”–თი.

სანამ კონკრეტულად ამ “მურდალ–მურტალს” გავშიფრავთ, ერთი ჩვენთვის საინტერესო და ლოგიკური დაკვირვების შესახებ უნდა გითხრათ…. ქართულ ენაში თურმე იმაზე ბევრად მეტი არაბული სიტყვაა შემოსული და დარჩენილი, ვიდრე მეგონა…. და ეს უპირატესად თბილისური დიალექტიდან შეფრენილა სალიტერატურო ენაში. აქამდე იყო ცნობილი, რომ ჩვენი სალიტერატურო ენა ქართლ–კახურ დიალექტზეა დაფუძნებული, მაგრამ, ჩემი აზრით ასე უნდა ითქვას – ქართლ–კახურ–თბილისურზე…. დიახ, არაბთა თითქმის 300–400 წლიანმა ბატონობამ კონკრეტულად თბილისში (თბილისის საამიროზე მოგახსენებთ) განაპირობა ის, რომ, ჩვენს დედაქალაქში ხალხი უფრო არაბული ლექსიკით იყო “განებივრებული”, კახეთი და ქართლი კი, მოგეხსენებათ, სპარსულ–თურქულ ზეგავლენას განიცდიდა ყოველთვის. თბილისურ ლექსიკაში ბევრი “არაბიზმი” ვიპოვეთ(თუნდაც წმინდა არაბული სიტყვა:”მაგიდა”, რომლის შესახებ ადრე წერდნენ, რომ უცნობია მისი წარმომავლობა), ამის შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ, ახლა კი “მურტალოს” მივუბრუნდეთ.

ირანის იმპერიაში გადასახადის ამკრეფს “მოჰრ–დარ”–ი ერქვა, ანუ ეს იყო კაცი, ვისაც შაჰის ბეჭედი (მოჰრ) ჰქონდა, ახლანდელი გაგებით ეს რაღაც “ნოტარიუსს” წააგავს; მაშ, “მოჰრ” ბეჭედია, “დარ” კი მქონეს ნიშნავს; გაიხსენეთ: მიზან–დარ, ბინა–დარ, ამაგ–დარ…. მოჰრ–დარ – ბეჭდის მქონე. ჰოდა ეს უკანასკნელი საქართველოს სოფლებში რომ ჩამოივლიდა და გადასახადების აკრეფას რომ იწყებდა, ბუნებრივია, მისი მოსვლა არავის სიამოვნებდა და ასე იქცა თანამდებობრივი სტატუსის გამომხატველი სიტყვა სალანძღავად, უბრალოდ “ჰოე” ამოვარდა და კახელები ერთმანეთის გაკიცხვა ლანძღვას რომ იწყებდნენ, აუცილებლად გამოურევდნენ ხოლმე “საამო ლექსიკაში” სიტყვა მურდალს (მურდარ–საც) ამბობენ…. თბილისამდე ჩამოსვლისად კი, როგორც გითხარით, სიტყვის “შიგთავსი” უფრო მჟღერი გახდა და ასე აღმოჩნდა ვერის უბანში სილამაზით განთქმული ინგას დამღუპველ–დამაქცევარი მურტალო ჩვენი ცნობიერების არეალში.

პოსტის ავტორი: მამაჩემი

ამხანაგის მოღალატეს დამმარხველი არა ჰყავდეს

with 9 comments

მამაჩემმა ბოლო დროს ფეისბუქზე ნოუთების წერას მიჰყო ხელი, ჰოდა სანამ საკუთარი ბლოგი გაუკეთებია, მის რჩეულ ნოუთებს, რომლებიც აქაურობის თემატიკას შეესაბამება, ნელ–ნელა შემოგთავაზებთ.

როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, “ვეფხისტყაოსანი” არ იცნობს სიტყვებს – მეგობარი, მეგობრობა და მათ სანაცვლოდ ყველგან “მოყვარე, მოყვრობა” გვხვდება…. ასე რომ, პატივცემულო პედაგოგებო (ქართული ენისა და ლიტერატურისა–ვ) – ე.წ. თემა სახელწოდებით “მეგობრობა ვეფხისტყაოსანში” გაუმართლებელია (კინაღამ ვთქვია “არაადეკვატურია”–მეთქი), რადგან ამ პოემაში “მეგობრობა” არ არის!

….სამაგიეროდა არის “ამხანაგი, ამხანაგობა” და ეს, კომუნისტებისადმი სიძულვილის გამო, კომუნისტურად შერაცხული სიტყვა სრულიად დაუმსახურებლად რომაა მივიწყებული დღეს, ძალზედ დიდ სამსახურს უწევს რუსთველს:

– სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად (17)
– ეგრე უთხრა: “ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე (261)
– აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათ თანა ვლიდია (442)
– მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი (673)
– ამხანაგობდეს, ლაღობდეს წასლვასა მათ საქმეთასა (1497)
….და ასე შემდეგ.

ბარემ აქვე მოგახსენებთ, თუ საიდან გაჩნდა ეს სიტყვა ჩვენ ენაში: – همخانه (ჰამხანე) – კომპოზიტია: ჰამ – თანა, ხანე – სახლი, ესე იგი “თანამოსახლე” (სიტყვასიტყვით ასეა, აზრი თქვენ გამოიტანეთ); მსგავსი სიტყვებია: ამქარი და ამფსონი, აქაც “ჰამ”–ის ნარჩენი “ამ” ერთად საქმიანობას ან მოქმედებას აღნიშნავს. სხვათა შორის, ძალიან “პოეტური” სიტყვაა სპარსულში “მეზობელი”, მათ ენაზე ეს სიტყვა ასე ჟღერს – ჰამ–საიე, სადაც “საიე” არის ჩრდილი, ანუ მეზობელი ის ადამიანია, ვინც შენთან ერთად ინაწილებს და იზიარებს ჩრდილს…. (შენ, ჩემო თანამეჩრდილევ! – როგორ “გამაზეს” ეს ფრაზა ქართველმა პოეტებმა?!)

ერთი სიტყვით, შორეული წარსულის ირანში დაბადებული მშვენიერი სიტყვა “ამხანაგი” ჯერ შორეული აზროვნების კომუნისტებმა “გააბანძეს” და აგერ, სულ ახლახან შორეული ამერიკიდან წაქეზებულ დემოკრატებს შემოაკვდათ (“მოკლეს” ჩასწორდა “შემოაკვდათ”–ი პოლემიკის შემდეგ).

პოსტის ავტორი: მამაჩემი

Written by linguistuss

October 20, 2010 at 11:35 pm

ალბათ

with 18 comments

მამაჩემის wall-ზე არსებულ განხილვას ვაკოპირებ:

შეცდომაა – ალბად
სწორია – ალბათ

შესაძლოა, ვინმეს ჰგონია, რომ ალბ–ად არის ვითარებითი ბრუნვის ფორმა…. და თუ ასეა, უნდა გვქონდეს:

  • სახ. ალბა
  • მოთხ. ალბა–მ
  • მიც. ალბა–ს
  • ნათ. ალბ–ის
  • მოქ. ალბ–ით
  • ვით. ალბ–ად
  • წოდ. ალბ–ავ

გინახავთ სადმე ასეთი სიტყვები? მიხვდით რაშიცაა საქმე?!

“ალბათ” არაბული წარმოშობის სიტყვაა და თუ ჩვენთან ვარაუდს გამოხატავს, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – თავის “სამშობლოში” უთუობა–უეჭველობის აზრით გახლავთ შემოსილი.

ამის შემდეგ არაბულში ბევრი ვეძებე თუ ცოტა Andras Rajki–ის არაბული სიტყვების ეტიმოლოგიური ლექსიკონი ვიპოვე, სადაც წერია:

al-bata : certainly, surely, of course [al + bata] Aze elbette, Kyr alvette, Per albate, Taj albatta, Tur elbette borrowed from Ar

ბოლოს ლექსიკონშიც ვიპოვე და ამით “ალბათ”–ის ეტიმოლოგიის კვლევა დასრულებულად გამოვაცხადე :)

Written by linguistuss

October 15, 2010 at 12:40 am