ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘სტამბული

მე მქვია წითელი

with 15 comments

გუშინ პეტრივკას წიგნების ბაზრობაზე, კიევში, უმბერტო ეკოს ბოლო რომანის “La misteriosa fiamma della regina Loana“–ის რუსული თარგმანი ვიყიდე. ამ წიგნს რომ ვყიდულობდი იქვე ორჰან ფამუქის წიგნები ელაგა ეულად და საწყლად, ვიფიქრე ვიყიდი მეთქი, მაგრამ მერე თრევა დამეზარა და “ეს ხო თბილისშიც იყიდება” არგუმენტით გავაგრძელე გზა.

ფამუქის წიგნები გამყიდველს უმბერტო ეკოს წიგნების გვერდში ტყუილად არ ედო, როგორც ჩანს მასაც სმენია, ფამუქს თურქ უმბერტო ეკოს რომ უწოდებენ. ჰოდა, დღეს რატომღაც ფამუქის იმ წიგნზე მსურს საუბარი ასე საცოდავად რომ შემომციცინებდა წიგნის დახლიდან. მაშ, ასე თქვენს წინაშეა წიგნი, რომელიც ამ ათი წლის წინ გამოქვეყნდა და რომელმაც არც თუ დიდი ხანია ჩამოაღწია საქართველოში დასავლეთის გავლით:

“Benim Adım Kırmızı”, ანუ “მე მქვია წითელი”.

სანამ წიგნზე დავიწყებდე ლაპარაკს ფამუქზეც უნდა ითქვას ერთი–ორი სიტყვა. ფამუქზე ავი ენები ამბობენ არშემდგარი ჟურნალისტიაო, თუმცა მიუხედავად ამისა, სტამბულის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მწერალი, დღეს ყველაზე გამოცემადი თურქი ავტორი და არც–თუ ხელწამოსაკრავი ფიგურაა დასავლურ ლიტერატურაში. კრიტიკოსები მას “თურქ უმბერტო ეკოს უწოდებენ”–მეთქი, ვთქვი ზემოთ, მაგრამ არ მითქვამს თუ რა აკავშირებს ფამუქს ეკოსთან… ჩემი აზრით მათ ბიბლიოფილია აქვთ საერთო და ამ წიგნების სიყვარულის ფონზე იხლართება მათ რომანებში ისტორიულ–ფილოსოფიურ–ესთეტიური პასაჟების შტუდირებით გაჯერებული ჩამთრევი დეტექტივები.

“მკვდარი ვარ, გვამი ჭის ფსკერზე. უკვე რა ხანია შევწყვიტე სუნთქვა, გულიც კი გამიჩერდა და არავინ, იმ ნაძირალა მკვლელის გარდა, არ იცის თუ რა შემემთხვა(…) მე, ყველასათვის ცნობილი მხატვარი ზარიფ–ეფენდი, მოვკვდი, მაგრამ არავინაა ჩემი დამმარხველი”… – ასე იწყება პირველი თავი და ამ დამაინტრიგებელი სიტყვების შემდგომ ჩვენ შუასაუკუნეების სტამბულში ამოვყოფთ თავს, უფრო ზუსტად კი იმ მხატვართა წრის საქმიანობას დავუწყებთ თვალთვალს, ოსმანთა იმპერიის ფადიშაჰის ბიბლიოთეკის წიგნებისათვის მინიატურებს რომ ქმნიან სკრუპულოზული და დაუღალავი შრომით. ამასთან, იქვე ვგებულობთ, რომ ერთ–ერთი მათგანი მოკლულია და ეს მკვლელობა საიდუმლოებით მოცულ წიგნს უკავშირდება, რომელსაც ენიშთე–ეფენდი, წიგნის მთავარი შერლოკ ჰოლმსის, ყარას ბიძა, ფადიშაჰისათვის ამზადებს.

უმბერტო ეკოს “ვარდის სახელის” მსგავსად, უმთავრესი ინტრიგა წიგნის გარშემოა ჩახლართული, თუმცა თუ იტალიელ–მედიევისტ ეკოს მთავარ პერსონაჟებად ტექსტი და ქრისტიანული კულტურა ჰყავს გამოყვანილი, ფამუქთან სიმბოლურ პერსონაჟებად გვევლინება ილუსტრაცია და გამომსახველობა და ამ ორის ადგილი არაბულ–მუსლიმანურ კულტურაში.  ენიშთე–ეფენდი, წიგნის შემკვეთი, მხატვართა ამქრის საუკეთესო წარმომადგენლებისაგან, რომლებიც, აქვე უნდა აღინიშნოს, მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი პირები არიან, მოითხოვს ყოველდღიური რეალიების იმდაგვარად ასახვას, როგორიც მას ვენეციელი მხატვრების ტილოებზე აქვს ნანახი. ენიშთე–ეფენდი, იმ აზრს მიჩვეული, რომ ნახატი უნდა თან ერთვოდეს მონათხრობს ილუსტრაციის სახით, გაოგნებამდე მიჰყავს იმის აღმოჩენას, რომ ვენეციური ფერწერული ტილო (მოქმედება რომ რენესანსის ეპოქაში ხდება არ დაგავიწყდეთ) თავად არის მონათხრობი. აღორძინების დროის ფერწერა ასახავს ყოველდღიურობას დანახულს ადამიანის თვალით, სადაც მაქსიმალური ყურადღება დეტალებს ექცევა, მაგრამ ისმის კითხვა – ხომ არ არის ეს მკრეხელობა ალაჰის მიმართ? როგორ უნდა იყოს დანახული სამყარო და როგორ ხედავს მას ადამიანი, ან თუნდაც როგორ ხედავს მას ალაჰი? – აი, ყველა ის კითხვა რომელიც მოსვენებას არ აძლევს ენიშთე–ეფენდის მთელი თხრობის განმავლობაში.

ვერ შეედრებაო თვალხილული უსინათლოს – გვამცნობს ყურანი და შესაბამისად არაბი მხატვარი–მინიატურისტიც დაბრმავებაზე ოცნებობს. მისი აზრით, უსინათლობა ალაჰის შეუფასებელი წყალობაა, უდიდესი ჯილდოა შრომისა და ნიჭისათვის… ზუსტად სიბრმავის უკუნში განჭვრეტს მხატვარი მშვენიერ ნახატებს, ანუ ასე ხედავს ის სამყაროს ალაჰის თვალით. ევროპელი მხატვრისათვის სიბრმავე ტრაგედია და უმკაცრესი და ენით აღუწერელი სასჯელია, ვინაიდან უფლის მიერ შექმნილი სამყარო, რომელიც “გვაქვს უთვალავი ფერითა” მიუღწეველი ხდება მისთვის. არაბი მინიატურისტისთვის კი – პირიქით, ნახატი ჭეშმარიტი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც მხატვარი სამყაროს ბრმის თვალებით უცქერს. რომელი მათგანია მართალი და რომელი ტრადიციაა შაითანისეული – აი, ზუსტად ეს საკითხებია განხილული წიგნში.

რომანის კომპოზიცია არაბულ დამწერლობას ჰგავს, სადაც აუღელვებლად და მიმზიდველად იხლართება მოქმედება, სადაც უზადოდ გადანასკვულ “კარაკულებში” ხაზები ერთმანეთშია არეული რომანის პერსონაჟების მონათხრობების სახით. ამასთან მთხრობელები არა მხოლოდ ადამიანები, ცოცხლები და მკვდრები, არამედ დახატული პერსონაჟებიც არიან: დერვიში, ძაღლი, მონეტა, ხე, შაითანი და რაც მთავარია, წითელი ფერი, რომელიც თავის თავს სამყაროს ძირითად ფერს უწოდებს. ამ გნიასში ერთვება მკვლელის ხმაც, რომელიც საკუთარი სტილის ძებნითაა გაწამებული. ხატწერის ინდივიდუალური მანერა ხომ მხატვართა ამქარში უღმერთობადაა შერაცხული!

ამასობაში სცენაზე ახალი გვამი ჩნდება და მხატვართა ამქრის მთავარი ოსტატი ოსმანი გადაწყვეტს მკვლელს მიაგნოს ხელწერის განსაკუთრებული მანერით, რომელიც მოკლული ზარიფის ნახატზე შეინიშნება. ამ მიზეზით ოსმანს ფადიშაჰის საგანძურში შესვლის უფლებას მისცემენ, სადაც ის თავრიზში, ბაღდადში, შირაზში და, რა ვიცი კიდე სად არა, შესრულებულ მინიატურებს და ორნამენტებს ათვალიერებს შერლოკ ჰოლმსისეული რუდუნებით… და აი, ეს ადგილია ზუსტადაც რომ კულმინაციური ტექსტში, ამიტომაც აღარაფერს ვიტყვი, თავად წაიკითხეთ და თავად იარეთ იმ ორნამენტის ხაზებზე, ფამუქმა რომ დაწნა წიგნში “მე მქვია წითელი”. ყოველ შემთხვევაში მან მკვლელს მიაგნო და მკვლელს საკადრისიც მიეზღო. თუმცა იმას მაინც ვიტყვი, რომ არაბი მხატვრებისათვის სიბრმავის თუ უსინათლობის სიმბოლურ მნიშვნელობას, ბრძენი ოსმანის ქმედებებს და ეკოს რომანში სააბატოს ცეცხლის ალში შთანთქმას, რომელიც ბრმა ხორხე ბურგოსელმა გააჩაღა, რაღაც მაინც აქვთ საერთო :)

ფილოსოფიის გარდა წიგნში სიყვარულსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. აი, რას წერს მალხაზ ხარბედია თავის ესსე–ში, რომელიც ამ წიგნს ეძღვნება:

«ამბობენ, მიცვალებულებს მიწა უხმობს, მე კი სიკვდილმა მომიხმო. ვბრუნდებოდი ქალაქში და მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობდი, მაგრამ სიყვარული დამხვდა, რომელიც ისეთივე შორი და მივიწყებული იყო, როგორიც ჩემი ქალაქი». ამ ძველ სიყვარულს შექიურე ჰქვია, იგი ყარას ბიძაშვილია და თავის დროზე სწორედ ამ სიყვარულის გამო წავიდა ყარა ქალაქიდან, რადგანაც ბიძამისმა, ოსტატმა ენიშთემ (ვინც ყარას ხატვას ასწავლიდა) არ მოიწონა მათი საქციელი და ნათესავი სახლიდან გააძევა… და ყარაც თორმეტი წლით დაემშვიდობა თორმეტი წლით უმცროს მიჯნურ შექიურესა და წაბლის ჩრდილში ჩაფლულ ქუჩებს. ამის შემდეგ შექიურე მალე გაათხოვეს მეომარზე, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ ერთ-ერთი ლაშქრობისას დაიკარგა და ვისგანაც შექიურემ ორი შვილი -შევქეთი და ორჰანი გააჩინა.

აქვე უპრიანი იქნება შექიურეზე და ყარაზეც გვეთქვა ორი სიტყვა. შექიურეს სახელი ტყუილად არ ჰგავს ჩვენს “შაქარს”, ავტორი ნიზამი განჯელის პოემასთან, “ხოსროვ და შირინთან” გვაგზავნის, სადაც ხოსროვის სატრფოს, შირინის სახელი სპარსულად “ტკბილს” ნიშნავს. ყარა კი თურქულად “შავია” და ამით, როგორც ჩანს, ავტორმა ხარკი მოუხადა მარადიულ თემას და წითელი და შავი კიდევ ერთხელ დაუპირისპირა ერთმანეთს.

რომანში თბილისიცაა ნახსენები და მოდი, დასასრულს ამჯერადაც მალხაზ ხარბედიას მოვუსმინოთ:

«ოსტატი ოსმანი ჩვენს ქალაქს იხსენებს: «აჰ, ტიფლისი, იქ ახლა ალბათ თოვს!» და დასძენს, «როცა ტიფლისის ციხეში თოვლი მოდის, ქალები ყვავილებზე მღერიან ხოლმე, ბალღები კი თოვლს ბალიშის ქვეშ მალავენ – ზაფხულისთვისო». ორჰან ფამუქმაც, როგორც ჩანს, ეს გადამალული თოვლი იპოვა თავის წარმოსახვაში, თოვლი კი წიგნად გადნა და თბილისშიც ჩამოაღწია, იმ ბალღების შორეულ მემკვიდრეებთან.

P. S. “ფამუქ” თურქულად ბამბა ყოფილა…

P. P. S. download (რუსული თარგმანი)

Advertisements

ოთუზ–ბირი და იარაღი

with 14 comments

ქართულ ენაში ძალიან დიდი ხანია დამკვიდრდა ეს სიტყვები. თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რა შესაძლო კავშირი შეიძლება იყოს მათ შორის. ყოველ სიტყვას თავისი ისტორია აქვს და ხშირად ისე მოხდება ხოლმე, რომ სიტყვის წარმოშობის სათავეების საძებრად წასული უბრალოდ დაინტერესებული ადამიანი მისთვის უჩვეულო და მოულოდნელ რაიმეს აღმოაჩენს ხოლმე. ასე დამემართა მეც ალმა–ატაში რომ ვიყავი. იქ “თურქსელის” წარმომადგენლები იყვნენ და ერთხელ რესტორანში შუა ქეიფში მათ ასეთი შეკითხვა დავუსვი: ქართულში გვაქვს სიტყვა ოთუზ–ბირი და “ძალიან ძვირის” მნიშვნელობით აქა–იქ იხმარება მეთქი და ვიცი, რომ თურქულად ოთუზ–ბირ “31”–ია და ხომ ვერ ამიხსნით რა კავშირია მათ შორის მეთქი. ამის გამგონე თურქებმა მაგიდასთან ფხუკუნი ატეხეს და მომიგეს, ახლა ქალები სხედან და მერე გეტყვითო (ინტრიგა!). საბოლოო ჯამში გვერდზე გამიხმეს და მითხრეს ოთუზ–ბირ თურქულ ჟარგონზე მასტურბაციასა და ონანიზმს ნიშნავსო. მერე კავშირი მეთქი? – რაზედაც გონებამახვილმა თურქმა ინგლისურად მომიგო – “მასტურბაცია, როგორც სერვისი ძალიან ძვირი ღირსო…” :)))

მეორე ისტორიაც თურქებს უკავშირდებათ, უფრო სწორად თურქულ ენას. ერთხელ ერთმა ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, მოდი მტრის ენის შესწავლა დავიწყოთო (ნუ, თურქებთან ვმუშაობ, რა ვქნა?! :), ხოდა ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ვისწავლოთ და აბა ნახე მამაკაცის სასქესო ორგანო ყველაზე “პახაბნი” ფორმით თურქულად როგორ ჟღერსო. მივგუგლ–მოვგუგლე და აღმოვაჩინე რომ ქართულ სამ–ასოიან კომბინაციას თურქულში “Yarak” შეესებამაბა, ანუ იგივე სიტყვა რაც ჩვენი “იარაღი”. ეს რომ გავიგე ჩემთვის ჩავფიქრდი და მივხვდი, რომ თურმე დიდი თურქობის საჩუქარი დღესაც ამშვენებს ჩვენს ენას სიტყვა “იარაღის” სახით. ოდესღაც, 1080 წელს, თუ კარგად მახსოვს ამ დროს იყო დიდი თურქობა, არ გვაკმარეს რა მათი იარაღით  ჩვენი გაჟუჟვა, უფრო მეტიც ჩვენს ენაში დაგვიტოვეს სუვენირი და დღემდე ჰყვებიან სტამბულიდან დაბრუნებული ქართველები ამბავს თუ როგორ შევიდნენ იარაღის მაღაზიაში და ერთ–ერთ მათგანს რომ წამოუძახია, “შეხედე რამდენი იარაღიაო” და მერე ისეთი უხერხული სიტუაცია შექმნილა, სწრაფადვე გამოსულან მაღაზიიდან.

ერთი სიტყვით ასე იყო თუ ისე, ჩვენს ენას “ამშვენებს” თურქული სიტყვები, თან ისე რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენმა უმრავლესობამ არც კი იცის, თუ რა წარმომავლობისა არიან ისინი და რა შესაძლო კავშირი შეიძლება ჰქონდეთ მათ, ასე რომ ახლა ალბათ გასაგებია, თუ რა კავშირია ოთუზ–ბირსა და იარაღს შორის?! :)

Written by linguistuss

October 6, 2008 at 1:02 am