ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘სუაჰილი

ანდაზები სუაჰილიზე

with 9 comments

ამასწინათ სუაჰილიზე ვეძებდი მასალებს და კენიურ, ტანზანიურ, რუანდულ, უგანდურ და ერთი სიტყვით ანდაზების ყველა იმქვეყნიურ ნაკრებს წავაწყდი, სადაც სუაჰილიზე საუბრობენ. ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენთვის ცნობილი რაიმე გამონათქვამი აფრიკული კოლორიტით არის შემოსილი. მოკლედ და კონკრეტულად, რაც მომეწონა შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

  • Agot ndarobonjin ropta ne tia, komabitei sosuriet eng metingung
    მიუხედავად იმისა, რომ წვიმა გასხამს, შენს თავზე ბანანის ხე მაინც არ ამოვა
  • Akili ni nywele, kila mtu ana zake
    ჭკუა თმასავითაა, ყველას თავისებური აქვს
  • Chombo cha kuzama hakina rubani
    გემს, რომელიც იძირება კაპიტანი არ სჭირდება
  • Debe tupu haliachi kuvuma
    ცარიელ ქოთანს ყველაზე დიდი ხმა აქვს
  • Fuata nyuki ule asali
    გაჰყევი ფუტკრებს და თაფლს მიაგნებ
  • Hapana masika yasiyo na mbu
    არ არსებობს წვიმების სეზონი კოღოების გარეშე
  • Kidole kimoja hakivunji chawa
    ერთი თითი ტილს ვერ კლავს
  • Kikulacho kiko nguoni mwako
    ის, რაც გკბენს შენს ტანსაცმელში ბუდობს
  • Msahau mila ni mtumwa
    თუ შენ მიატოვებ შენს ფესვებს მონა გახდები
  • Ndovu wakipigana iumiayo ni nyasi
    როდესაც სპილოები ჩხუბობენ, ბალახი ითელება
  • Simba akikosa nyama hula nyasi
    როცა ლომი ვერ შოულობს ხორცს ბალახს ჭამს
  • Ukitaka kumwua nyani usimtazame macho
    თუ მაიმუნის მოკვლა გსურს, ეცადე თვალებში არ ჩახედო
  • Usililie maziwa yaliyomwagika
    არ იტირო დაღვრილ რძეზე
  • Bahari haivukwi kwa kuogolea
    ოკეანეს ცურვით ვერ გადალახავ
  • Chui naye ana mke
    ლეოპარდსაც კი ჰყავს ცოლი
  • Kelele za chura hazimkatazi ng’ombe kunywa maji
    ბაყაყის ყიყინი ძროხას წყლის დალევაში ხელს არ უშლის
  • Mapenzi ni kikohozi, hayawezi kufichika
    სიყვარული ხველებას ჰგავს, მას ვერ დაფარავ
  • Mchezea mavi hayaachi kumnuka
    ვინც განავალს ეთამაშება განავალივით ყარს

Written by linguistuss

March 14, 2009 at 4:47 am

“მამაო ჩვენო” სუაჰილიზე

with 6 comments

Written by linguistuss

December 12, 2008 at 11:27 pm

ნაკუპენდა მალაიკა

with 10 comments

დღეს მთელი დღე ვირტუალურ აფრიკაში გავატარე. ყველაფერი კი რუსი ზნატოკის, მაქსიმ რუსოს ბრალია. მის ბლოგზე, რომელსაც ბოლო დროს ხშირად ვსტუმრობ, ჩვენი ბლოგებისა და მისწრაფებების თემატური მსგავსების გამო, წავაწყდი უწყინარ წინადადებას, სადაც ეწერა, რომ იუ–თიუბზე წკლაპუნა თანხმოვნებს ვაქოთქოთებო და ამით დაიწყო…

ბავშვობაში სულ მეუბნებოდნენ ენის წკლაპუნი უზრდელობააო და დღემდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ისეთ, ჩვენი საზოგადოების მიერ განდევნილ და სტიგმატიზებულ ქმედებას, როგორიც ენის წკლაპუნია, რაიმენაირი უტილიტარული და აუცილებელი დანიშნულება თუ ექნებოდა ვინმესთვის. ასევე, ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ენის ამ სპეციფიური მოძრაობით, ვინმე სერიოზულად თუ დაინტერესდებოდა, წკლაპუნების კლასიფიკაციას მოახდენდა და გამოცემულ ხმებს ერთმანეთისაგან განასხვავებდა…

აფრიკაში, უფრო ზუსტად მის სამხრეთში რომ ბანტუს ენების ჯგუფში შემავალი ენებია გავრცელებული, ეს მანამდეც ვიცოდი, თუმცა არ ვიცოდი, რომ არსებობს ენათა ქვეოჯახი ამ ბანტუს ენებში, რომლის მთავარი მახასიათებელი ეს ე.წ. წკლაპუნა ბგერები ყოფილა. ერთ–ერთი ასეთი ენაა Xჰოსა (X ენის სასასთან წკლაპუნით მიღებული ბგერაა). ამ ენაზე სამხრეთ აფრიკაში რვა მილიონი კაცი ლაპარაკობს, რაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობის 18 %–ს შეადგენს, მთავარი ეს არ არის, მთავარი იმ ხუთი თანხმოვნის წკლაპუნია, რომელზეც შემდეგში მექნება საუბარი…

თურმე კი არა, არსებობს ხუთი სახის წკლაპუნა თანხმოვანი და იქიდან გამომდინარე, თუ ენა სადაა წკლაპუნის დროს, ბგერაც სხვანაირი მიიღება:

  • ორმაგი ბაგისმიერი, ანუ ბილაბიალური: ამ დროს ენა ტუჩებზეა მიდებული და ორი ტუჩისა და ენის წკლაპუნით მიიღება დაახლოებით აი, ის ბგერა კოცნის დროს რომ “მპუაჰ” ისმის…
  • კბილისმიერი, ანუ დენტალური: ამ დროს ენა კბილებს შორის, ზედა ტუჩთან მდებარეობს და ენის სწრაფი მოძრაობით გამოიცემა რაღაც “ტსკ”–”ცკ”–ს მსგავსი
  • ალვეოლური: ამას ვერაფრით ვერ აღვწერ, თუმცა ამ ბგერის გამოცემა მგონი ყველა ბავშვმა იცის :)
  • სასისმიერი, ანუ პალატალური: ენის სასასთან მიდებით და შემდეგ მისი სწრაფად დაბლა მოძრაობით გამოიცემა ეს ხმა.
  • გვერდითი ანუ ლატერალური: ამ ბგერის გამოცემაც ყველა ბავშვს შეუძლია…

უფრო ზუსტად თუ როგორ გამოითქმის ეს ბგერები აქ შეგიძლიათ ნახოთ. სხვა ენების განხილვას არ დავიწყებ, დღეს ამაზე დრო არ დამიკარგავს, ვინაიდან უფრო სასიამოვნო საქმით ვიყავი დაკავებული, კერძოდ ხსენებულ იუ–თიუბზე სიმღერებს ვუსმენდი წკლაპუნა თანხმოვნებითურთ… ძალიან სასიამოვნო მოსასმენია სხვათა შორის. ამასთან, თუკი ვინმემ სპეციალურად არ მიაქცია ყურადღება, რაიმე ინსტრუმენტის გამოცემული ხმა ეგონება. ბოდიალ–ქოთქოთში მამა აფრიკად წოდებული სამხრეთ აფრიკელი მომღერალი, მირიამ მაკება ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. ერთ–ერთი სიმღერის “click song”-ის, ანუ “წკლაპუნა სიმღერის” შესრულების წინ იგი ამბობს, სულ მეკითხებიან ასეთ საშინელ ბგერებს როგორ გამოსცემო, რაზედაც მე სულ ვპასუხობ, საშინელი ბგერები რას მიქვია, ეს ჩემი ენააო. იქვე 2–3 წუთიანი ექსკურსია მოცემული ამ თანხმოვნებში, სიმღერის წინ. ამ ექსკურსის აღწერა დავაპირე, მაგრამ მივხვდი რომ შეუძლებელია, ამიტომ გირჩევთ თავად უყუროთ :)

მირიამ მაკებას წყალობით აფრიკის რუკაზე ცოტა ზემოთ და მარჯვნივ გადავინაცვლე და სუაჰილის მივადექი. გამახსენდა ოდესღაც სუაჰილის რომ ვსწავლობდი, უფრო სწორად მცდელობა რომ მქონდა აუდიო–გაკვეთილებით, საიდანაც მხოლოდ ერთი სიტყვა – ნინაკუპენდა – “მე შენ მიყვარხარ” მახსოვს. სუაჰილი საოცარი ენაა, თავისი გრამატიკული სტრუქტურით. მის გრამატიკას თავი რომ დავანებოთ, მთელი სამხრეთ აღმოსავლეთი აფრიკა ამ ენაზე ლაპარაკობს, უგანდა–რუანდა–კენია–ტანზანია–ბურუნდის სახით და ჩვენში კი მხოლოდ სამი რამაა სუაჰილიდან ცნობილი: საფარი (მოგზაურობა, რომელიც ნადირობის სიმბოლოდ იქცა), სიმბა (ლომი) და ჰაკუნა მატატა (არანაირი პრობლემა)… ამიტომ, ეს რომ გამოვასწოროთ და ნაცნობ სამს –მეოთხე დავუმატოთ, დასასრულს გთავაზობთ “მალაიკას” მირიამ მაკებას შესრულებით, იმის წინასწარ აღნიშვნით, რომ “მალაიკა” ანგელოზია სუაჰილიზე, “ნაკუპენდა მალაიკა” კი – მიყვარხარ ანგელოზო…