ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘შეცდომა

გრამატიკიკინა: კრეფს თუ კრიფავს?!

with 24 comments

panneau_carre

დღეს აღმაშენებლის გამზირზე უზარმაზარი ასოებით წარწერილ “კოლეზიონე”–ზე ჩავიქირქილე ბოროტად, თუ არ იცოდნენ როგორ იკითხება ეს სიტყვა იტალიურად, რას წერდნენ მეთქი! ამასთან დაკავშირებით “ზანუდა” ლინგვისტუსი მიწოდეს. მას შემდეგ, რაც დავინტერესდი ეს “ზანუდა”, ანუ აბეზარი თქვენს ენაზე რას ნიშნავს მეთქი, განმარტება მოაყოლეს – “ზანუდა” არის ადამიანი, რომელსაც როცა ეკითხები როგორ ხარ – დაწვრილებით გიყვება როგორც არისო. ჰოდა, ვინაიდან “ზანუდა” ლინგვისტუსი უკვე მიწოდეს, ამიტომ შევიფერებ ამ სტატუსს და მსურს  ერთ შეცდომაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც ყველას ეშლება პერო–პათეტიკოსებით დაწყებული, ძველი ბიჭებით დამთავრებული. ამასთან დაკავშირებით ამონარიდი ერთ–ერთი ბლოგის ერთ–ერთი პოსტიდან:

მერიის გადაწყვეტილებას სულაც არ უდევს საფუძვლად გეი ტურიზმის განვითარება. უბრალოდ ამ ადგილას დიდი ხანია გეები იკრიფებიან, ხოლო პარკი იმ უბანში მდებარეობს სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მუსულმანი ემიგრანტები არიან. ამ პანკარტების მიზანიც სწორედ ისაა რომ, ვისაც არ უნდა გეების დანახვა შეეძლოს თავი აარიდოს.

სტატიაში საუბარი იყო ამსტერდამის პარკებში განთავსებულ აბრებზე, სადაც მითითებულია თუ ძაღლით ხარ პარკის რომელ ნაწილში გასწიო სასეირნოდ, თუ ბავშვით – რომელში და თუკი გეი ხარ და ძაღლი არ გახლავს – საით წახვიდე. გეებს არაფერს ვერჩი, წინასწარ ვაცხადებ სანამ ჰომოფობს მიწოდებთ, თუმცა ძალიან ორაზროვნად ჟღერს ფრაზა “გეები იკრიფებიან”. უცებ წარმომიდგა თვალწინ აბიბინებული მინდორი, სადაც გეები ამოდიან, ან მსხმოიარე ხეხილი, რომელსაც ტკბილი გეები ასხია, მიდიხარ კრეფ ორ–სამ გეის და შენ გზას ეწევი… თავი რომ დავანებოთ იმას, რომ “მუსულმანი” არასწორი ფორმაა და ქართულად “მუსლიმის”, ან ყველაზე უარეს შემთხვევაში “მუსლიმანის” დაწერა ეგების, უნდა აღინინიშნოს, რომ შეკრება და აკრეფა სხვადასხვა ზმნებია. განზრახ დავგუგლე “იკრიფებიან” და ელდა მეცა, იმდენჯერ არის ნახმარი ერთი ზმნა მეორის ნაცვლად, ამიტომაც დროა გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისგან. ჰოდა, მაშ ასე ჩემო ძვირფასო პერო–პათეტიკოსებო თუ ძველო ბიჭებო, ყური დაუგდეთ, რას გიყვებათ გრამატიკიკინა, ანუ “ზანუდა” ლინგვისტუსი:

ქართულ ენაში სულ გვაქვს ხუთი ლაბიალური, ანუ ბაგისმიერი თანხმოვანი. ესენია: ბ, ფ, პ, ვ, მ. ყველა ამ თანხმოვანს ბაგეების დახმარებით გამოვთქვამთ, თურმე კი არა ბაგეები არამხოლოდ “საზასაოდ” ყოფილა შექმნილი. ჰო, მართლა “ზასაობაზე” და წინა პოსტის ამბორ–კოცნაზე გამახსენდა – უკვე დროა ეს პროცესი “ფრენჩ კის”–ად მოვიხსენიოდ, თორემ რუსული “ზასაობა” ყურს ჭრის! ჰო, ლაბიალურ თანხმოვნებზე ვსაუბრობდი, გავაგრძელოთ… ამ ხუთი თანხმოვნიდან “ბ” არის მჟღერი ხშული თანხმოვანი, “ფ” – ფშვინვიერი ხშული, “პ” – აბრუპტიული ხშული, “ვ” – მჟღერი სპირანტი და “მ” – სონორი. ვინაიდან ქართულში გვაქვს ბედნიერება გვქონდეს სამნაირი ხშული ლაბიალური თანხმოვანი – ბ, ფ, პ – განსხვავებით სხვა ენებისაგან, მაგალითად არაბულისგან, სადაც “პ” და “ფ” არ აქვთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ერთი თანხმოვნის მეორით ჩანაცვლებით შეიძლება ნათქვამმა აზრი შეიცვალოს…

შეკრებასთან და აკრეფასთან დაკავშირებით ასევე ძალიან ხშირია შეცდომა, როდესაც ამბობენ “კრიფავს” ნაცვლად “კრეფს”, “კრიბავს” – ნაცვლად “კრებს” და ასე შემდეგ. გრამატიკიკინულ ენაზე რომ გადავთარგმნოთ სათქმელი: თემის ნიშანს “უპრაგონოდ” ხმარობენ. ახლა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის თემის ნიშანი. ჯერ თემას მოგახსენებთ. თემა ზმნის ის ნაწილია, რომელიც საერთოა პირველი და მეორე სერიის ყველა მწკრივისათვის, ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ პირველ სერიაში გვაქვს 6 მწკრივი: აწმყო, უწყვეტელი, აწმყოს კავშირებითი, მყოფადი, ხოლმეობითი, მყოფადის კავშირებითი და მეორე სერიაში გვაქვს ორი მწკრივი: წყვეტილი და II კავშირებითი. ეს ყველაფერი საქმეში რომ გაჩვენოთ, მოდით ვაუღლოთ ერთ–ერთი ჩვენთვის საინტერესო ზმნათაგან, მაგალითად “კრეფს”:

აწმყო – ვკრეფ, კრეფ, კრეფს, ვკრეფთ, კრეფთ, კრეფენ (პასუხობს კითხვაზე: რას ვშვრები?)
უწყვეტელი –  ვკრეფდი, კრეფდი, კრეფდა, ვკრეფდით, კრეფდით, კრეფდნენ (პასუხობს კითხვაზე: რას ვშვრებოდი?)
აწმყოს კავშირებითი – ვკრეფდე, კრეფდე, კრეფდეს, ვკრეფდეთ, კრეფდეთ, კრეფდნენ (პასუხობს კითხვაზე: რას ვშვრებოდე?)
მყოფადი – ავკრეფ, აკრეფ, აკრეფს, ავკრეფთ, აკრეფთ, აკრეფენ (პასუხობს კითხვაზე: რას ვიზამ?)
ხოლმეობითი – ავკრეფდი, აკრეფდი, აკრეფდა, ავკრეფდით, აკრეფდით, აკრეფდნენ  (პასუხობს შეკითხვაზე: რას ვიზამდი?)
მყოფადის კავშირებითი – ავკრეფდე, აკრეფდე, აკრეფდეს, ავკრეფდეთ, აკრეფდეთ, აკრეფდნენ (პასუხობს შეკითხვაზე: რას ვიზამდე?)
წყვეტილი – ავკრიფე, აკრიფე, აკრიფა, ავკრიფეთ, აკრიფეთ, აკრიფეს (პასუხობს შეკითხვაზე: რა ვქენი?)
II კავშირებითი – ავკრიფო, აკრიფო, აკრიფოს, ავკრიფოთ, აკრიფოთ, აკრიფონ (პასუხობს შეკითხვაზე: რა ვქნა?)

ე.ი. თემა რა არისო? – მართალია, რომელიც საერთოა პირველი და მეორე სერიის მწკრივებისათვის, ანუ ამ შემთხვევაში თემა იქნება “კრეფ” და “კრიფ”. გვაქვს ერთთემიანი და ორთემიანი ზმნები. ამ შემთხვევაში ზმნა “კრეფს” ორთემიანია, თან ხმოვანმონაცვლეა, ვინაიდან მეორე სერიაში ფუძის “ე” ხმოვანი “ი”–თ იცვლება. ასევე გამოყოფენ თემის ნიშანსაც. თემის ნიშანი, ჰქვია იმ ბოლოსართს, რომელიც პირველი სერიის თემას განასხვავებს მეორე სერიის თემისგან. ქართულში გვაქვს შემდეგი თემის ნიშნები: ი, ავ, ამ, ებ, ობ, ემ, ოფ. შესაბამისად რომ გავარკვიოთ რომელია სწორი კრეფს თუ კრიფავს, უნდა ვაუღლოთ, დავადგინოთ თემა, შემდეგ თემის ნიშანი და სრული კმაყოფილებით გამოვთქვათ სწორი ფორმა!

Advertisements

ზენიტი

with one comment

ეს ამბავი ძალიან მხიბლავს, თუმცა თითიდან გამოწოვილს ჰგავს ერთი შეხედვით. ასეა თუ ისე, არსებობს ისტორია, თუ როგორ იქცა არაბული სიტყვა “ზამთ”, რაც გზას ნიშნავს “ზენიტ”–ად. შუასაუკუნეების სამეცნიერო წრეებში არაბული მეტად საჭირო ენა იყო, ზუსტი მეცნიერებების ქურუმები მაშინ ბაღდადის, ალექსანდრიისა და ბუხარის მედრესეებსა და მეჩეთებში ისხდნენ, ასე რომ ევროპაში ამის გამო არაბულის მცოდნე ბერი–გადამწერიც, ამის გამო, ხშირი მოვლენა გახლდათ. თუმცა ენის ცოდნა ერთია და ზედაპირული თუ მექანიკური გადაწერის პროცესი მეორე. ერთი სიტყვით, როდესაც არაბული სიტყვა “ზამთ” ლათინური ტრანსკრიპტით ჩაუწერიათ, შემდგომში ხშირი გადაწერის დროს ერთ ბერს Zamt მოსჩვენებია Zanit–ად (m-ის და ni-ს მსგავსების გამო) და ასე და ამგვარად დაბადებულა ეს სიტყვა ევროპულ ენებში…

P.S. ამ შეცდომასთან დაკავშირებით უნდა ავღნიშნო, FIneReader-ით სარგებლობის დროს ხშირად მინახავს, როცა m-ს ეს გენიალური პროგრამა ni–დ აღიქვამდა და რა გასაკვირია, რომ სანთლის შუქზე, ღამეული “ფხიზლობების” დროს, ვინმე ფრანცისკანელ ფრატერსაც მსგავსი შეცდომა დაეშვა :)

Written by linguistuss

October 7, 2008 at 6:49 pm