ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘წიკიპედია

ბიუსტჰალტერების ღობე

with 9 comments

cardrona_bra_fence

სალვადორ დალი, თავის ერთ–ერთ ბიოგრაფიაში, აყალიბებს რა პარანოიდალურ–კრიტიკულ მეთოდს გამოთქვამს ასეთ იდეას: ვაცხობთ 5 მეტრი რადიუსის პურს და ვდებთ შუაღამისას, როცა ყველას სძინავს, ქალაქის პერიფერიულ მოედანზე. მეორე დილით ქალაქის მცხოვრებლები იღვიძებენ და იწყება მითქმა–მოთქმა უსაშველო ზომების პურის შესახებ. გადის ორი დღე ყველას ავიწყდება პურის არსებობის შესახებ, თუმცა სულ ამაოდ. ვაცხობთ 7 მეტრის რადიუსის პურს და ვიძრებით ცენტრისკენ.  შედარებით ცენტრალურ მოედანზე მოთავსებული პური უფრო დიდ აურზაურს იწვევს. საქმეში ერთვებიან ოფიციალური პირები, მედია, სამღვდელოება. ერთი სიტყვით ზოგს ბომბი ჰგონია, ზოგს უცხოპლანეტელთა საჩუქარი, ზოგს ციური სასწაული. საბოლოოდ ეს პურიც ავიწყდება ხალხს, თუმცა დროებით. კვლავ ვაცხობთ უფრო დიდ პურს და ამჯერად ქალაქის ცენტრში ვდებთ, მთავარ მოედანზე და ა.შ. ხალხს გასართობი არ აკლდება…

ზემოხსენებულ პასაჟში ექსცენტრიულ სალვადორ დალის იმის ჩვენება უნდოდა, რომ ხალხს, მასას თუ ბრბოს, ნუ რასაც დაარქმევთ, ერთი ბეწო უნდა რომ ყოველგვარ უაზრო და აბსურდულ ჯგუფურ საქმიანობაში მიიღოს მონაწილეობა და ამით სიამოვნება მიიღოსო. ასე მოხდა ახალ ზელანდიაშიც, ერთ–ერთ პერიფერიულ ჰაივეიზე, კარდრონას სიახლოვეს, სადაც 1999 წლის დეკემბრის ბოლოს, გზის პირას ოთხი ცალი ბიუსტჰალტერი შენიშნეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა. არ გასულა ცოტა ხანი, რომ ოთხმა ბიუსტჰალტერმა იბარტყა და სადღაც თებერვლისთვის მათი რიცხვი 60–მდე ავიდა. ამ ამბავმა საბოლოოდ ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო და საქვეყნოდ გაბაზრდა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მეზობელი ქალაქებიდან ჩამოდიოდნენ ფერმერები ბიუსტჰალტერების ღობის სანახავად.

2000 წლის ოქტომბერში ღობე 200 ბიუსტჰალერს ითვლიდა, რის შემდეგაც საქმეში ადგილობრივი სამართალდამცავები და კანონდამცველები ჩაერივნენ და ღობიდან გამოფენილი “სიმდიდრე” ჩამოხსნეს. ხალხმა აქაოდა ჩვენს სიწმინდეს როგორ შეეხეთო, უბიუსტჰალტერებოდ როგორ გავძლოთო, ეგრე არ უნდაო და პროტესტის ნიშნად უფრო და უფრო მეტი ბიუსტჰალტერი გამოჩნდა ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე. 2006 წელს მათი რიცხვი 800–ს მიუახლოვდა და ჰაივეიზე ტურისტები გამოჩნდნენ და ახალზელანდიური ნატვრის ხე სხვადასხვა ქვეყნისა და წარმომავლობის ბიუსტჰალტერით შეიმოსა, “ვანდერ ბრა”–დან დაწყებული მამა–პაპური აფრიკული ლიფებით დამთავრებული, რას არ იხილავდა იქ კაცის თვალი.

ბიუსტჰალტერების რიცხვმა ორი ათას ერთეულს რომ გადააჭარბა პირველი ქურდობის ფაქტიც კი დაფიქსირდა, როცა ახალზელანდიელმა ფერმერებმა დაიძინეს და რომ გამოიღვიძეს ღობეზე 200 ერთეული აზღუდი მოპარული დახვდათ. მიხვდნენ რომ ასე გაგრძელება დიდხანს არ შეიძლებოდა და ღობეს თვალყურის მადევნებელი ოფიციალური პირი დაუნიშნეს. ეს საპატიო მისია ადგილობრივმა ფერმერმა ჯონ ლიმ იტვირთა.

ამ ამბავმა სამწუხაროდ დიდხანს არ გასტანა. ბიუსტჰალტერების სანახავად დაძრული ტურისტების რიცხვი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მიმდებარე ყველა ქუჩაზე და შარაგზაზე საცობები შეიქმნა. ადგილობრივმა წესრიგის დამცველებმა, მიხვდნენ რა რომ ამხელა “ტრაფიკს” კარდონას პატარა ჰაივეი ვერ გაუძლებდა, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს, გასცეს ლიფებისა და ბიუსტჰალტერების ჩამოხსნის ბრძანება და ამით ამ მარაზმს ბოლო მოუღეს, თუმცა რად გინდა. ამ ისტორიას ეძღვნება სტატია ინგლისურ და ფრანგულ წიკიპედიებში. საიტების რიცხვი, სადაც ეს ამბავი გაკვრით მაინც არის მოხსენიებული ათასზე მეტია და დღითი–დღე მრავლდება. არ წყდება სინანულით აღსავზე თავსა დამართ ცემები “ვაი, რა კარგი საჩინო” ბიუსტჰალტერების ღობის იავარქმნის შესახებ. ერთი სიტყვით სალვადორ დალი მართალი იყო…

სმოკინგი

with 3 comments

უსაქმურობის ნიადაგზე დღეს ლექსიკონებში ვიქექებოდი და აღმოვაჩინე, რომ სმოკინგს ბრიტანეთში dinner jacket–ს უწოდებენ, ამერიკასა და კანადაში კი – tuxedo–ს. თავიდან გაკვირვებული დავრჩი ცოტა მეუცნეურასავით, მერე წიკიპედიას ვესტუმრე, ვიფიქრე იქნებ მან იცის რამე მეთქი, სხვადასხვა ადგილას შევიჭყიტე კიდევ, მოდების ჟურნალების თვალიერებაც მომიწია (ელექტრონულის, მაგრამ რა უჭირს), გავარკვიე ისიც, რომ თურმე შორეულ 60–იანებში ივ–სენ ლორანს სმოკინგის ქალური ვერსია, Le smoking შეუქმნია, ეს მაშინ როდესაც რესტორნების შესასვლელში ჯერ კიდევ მოჰკრავდით თვალს აბრას: No woman in slacks (ქალები შლაქსებში არ დაიშვებიან). ჰოდა შევეცადე გამერკვია თუ რას ნიშნავს ეს საიდუმლოებით მოცული სიტყვა “ტუქსედო” და რა კავშირი აქვს მას იმ სამოსთან, რომლის ჩაცმაც მიწევს ხოლმე ელიტარულ კლუბში თამაშებზე.

დღემდე ვერ გაურკვევიათ ბრიტანელებს და ამერიკელებს თუ ვინ გამოიგონა პირველად სამოსი, რომელსაც ჩვენ სმოკინგს ვუწოდებთ, თუმცა რუსულში და ქართულში, სიტყვა “სმოკინგი” რომ ფრანგულის გზით მოხვდა – ეს ფაქტია, ფრანგები მას დღემდე სმოკინგს ეძახიან. ერთი ვერსიის თანახმად მის შექმნას ბენჯამენ დიზრაელის მიაწერენ, რომელსაც იმდენად უყვარდა მოსაწევი ოთახი, სადაც მამაკაცები სადილის შემდგომ ქალებს ემალებოდნენ ხოლმე, რომ მას საამისოდ სპეციალური ტანსაცმელიც კი გამოუგონია. ეს ვერსია მე პირადად საეჭვოდ მეჩვენება, ამიტომ მეორე ვერსიას მოვუსმინოთ, რომლის ავტორი სამოსის ისტორიკოსი ჯეიმს ლეივერია. იგი ამბობს, რომ სმოკინგის შექმნა ბრიტანელ მწერალს, ედვარდ ბლუვერ–ლიტონს მიეწერება, რომელსაც 1828 წელს დაუწერია: “ადამიანები ძალიან გამორჩეულები უნდა იყვნენ, რომ შავებში გამოწყობილნი კარგად გამოიყურებოდნენო”.

ყველაზე დამაჯერებელი ვერსია, მათ შორის რაც მე მოვძებნე, ამერიკელებს ეკუთვნით. სმოკინგი პირველად ნიუ–იორკთან მდებარე პატარა ქალაქში იქნა შემოტანილი პირველად, რომელსაც ტუქსედო ერქვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქი დღესდღეობით ნიუ–იორკმა ჩაყლაპა, მისი სახელი კვლავაც განაგრძობს არსებობას წვეულებებზე, სადაც მაღალი საზოგადოების წევრები იკრიბებიან. ეტიმოლოგიის გარდა დანარჩენი ამერიკულ ვერსიაში იგივეა. ორივე წყარო, ამერიკულიც და ბრიტანულიც თანხმდება იმაზე, თუ რატომაა სმოკინგი შეკერილი პრიალა ნაჭრისგან, რომლის უმთავრესი დანიშნულებაც ის არის, რომ ფერფლი რაწამს მასზე დაეცემა, სმოკინგზე არ დარჩეს და დაბლა ჩამოცვივდეს. ასევე ე.წ. “ბაბოჩკის” ადგილიც ორივეგან მკაცრადაა განსაზღვრული, თუმა მაინც ვერ გავარკვიე სმოკინგის ქამარს, რუსები რომ кушак–ს უწოდებენ და ინგლისელები cummerbund–ს, ქართულად რა ჰქვია.?! რუსულ–ქართულ ლექსიკონში კი წერია “სარტყელიო”, თუმცა თუ ეს ასეა, მაშინ მიჩნდება პროტესტის გრძნობა ჩვენი ენის სიღარიბესთან დაკავშირებით, აბა რა წესია – იმათ, ჰო იმათ, სპეციალური სიტყვა აქვთ საამისოდ და ჩვენ კი უბრალო “სარტყელს” ვჯერდებით – მართლაცდა რა წესია?!