ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘ჰიპერტექსტი

ამომავალი მზე

with one comment

მზეო ამოდი, ამოდი

ნუ ეფარები გორასა…

ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა მეტაფორებით. მეტაფორათწარმოების პროცესი რთულია და ხშირად ერთი მეტაფორის ისტორია რამდენიმე ათას წელიწადს ითვლის. ზოგჯერ ის სხვადასხვა ვარიაციის სახით არსებობს, ეს ვარიაციები რთულ სტრუქტურას ქმნის, რომელიც მეტაფორების მეტაფორებს და მის შემდგომ ვარიაციებს წარმოშობს და ა.შ.

სხვისი არ ვიცი და მეტაფორების სტრუქტურები ძალიან მხიბლავს. ძველი ისლანდიური კიონინგები გამახსენდა უცებ, სადაც ხმალი “ჭრილობის თოხია”, მკლავი – “შევარდენის მიწა”, სისხლი კი – “ხმლის ცრემლი” და ა.შ. შეიძლება ითქვას კიონინგების სისტემა ყველაზე პრიმიტიულ ფორმით პირველი მეტაფორული სტრუქტურა იყო. ასე მაგალითად, ზემოთქმულის თანახმად ძვ. ისლანდიელ სკალდს სისხლისთვის შეეძლო “ჭრილობის თოხის ცრემლი” ეწოდებინა. ეს იმ დროის ერთგვარი გონებრივი თამაში იყო, ჩამოჯდებოდა ვინმე სკალდი ცეცხლის პირას, შემოუსხდებოდნენ გარშემო ბანჯგვლიანი და როხროხა ვიკინგები და დაიწყებდა სიმღერას, სადაც გამომსახველობის სხვადასხვა ფორმებს შორის ალიტერაცია და კიონინგები იწონებდნენ თავს. მსმენელი კი ვალდებული იყო გაეხსნა და გაეშიფრა ეს კიონინგები, ცალ–ცალკე და მთლიანობაში და ამით ინტელექტუალურ განცხრომას მისცემოდა, აი დაახლოებით ისეთს, გამოცანის გამოცნობის დროს რომ ეუფლება ხოლმე ადამიანს. თუმცა სად ბანჯგვლიანი ველური ვიკინგები და სად ინტელექტუალური განცხრომა :პერო:

ამჯერად ერთი მეტაფორის შესახებ მინდა ვისაუბრო, რომელსაც “ამომავალი მზე” ჰქვია. არ არსებობს მგონი ცივილიზაცია ეს მეტაფორა რომ არ გააჩნდეს. იაპონელებმა “ასაჰი” (ამომავალი მზე) საკუთარ კუნძულებთან გააიგივეს, ძვ. ბერძნებისათვის ამომავალი მზე ანატოლიასთან (ανατολή – სიტყვასიტყვით “(მზის) ამოსვლა”), ახლანდელი თურქეთის დასავლეთ ნაწილთან ასოცირდებოდა. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული კი ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს რომანულ ენებში “ლევანტი” ჰქვია, რაც ლათინური და შემდგომ ფრანგულიდან მომდინარეობს და იგივეს ნიშნავს. თავად “მზის ამოსვლა” კი უშუალოდ აღმოსავლეთთანაა გაიგივებული, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავად სიტყვა “აღმოსავლეთიც” ამავე მეტაფორის შვილია. წიკიპედია ამბობს არაბული “მაშრიყ”–იც იგივეს, “მზის ამოსვლას” ნიშნავს თარგმანშიო და ვინაიდან არაბული არ ვიცი, უნდა დავუჯერო, ვერ გადავამოწმებ.

უმბერტო ეკოს ჰქონია ამასთან დაკავშირებით თურმე ესსე, ჯერ არ წამიკითხავს, მხოლოდ კითხვაში მოვისმინე მოკლე ინფორმაცია გუშინ, აი კითხვაც:

შეკითხვა: თავის ესეში “სიმცდარის ძალა” უმბერტო ეკო ერთ პარადოქსს უსვამს ხაზს. ის ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცოდნა პირველისეულია, ყოველდღიურობის აღქმა – ჯერ კიდევ მეორისეულია. ამას ის ენაში დამკვიდრებული გამოთქმებითაც ადასტურებს. არაა გასაკვირი, რომ ანალოგიური “მცდარი” გამოთქმები ქართულ ენაშიც გვხვდება. მე არ გეკითხებით, თუ ვინ იყვნენ პირველი და მეორე, თუმცა თქვენ მათი სახელები კარგად იცით. თქვენ პასუხში დაწერეთ ერთი ასეთი გამოთქმა მაინც.

პასუხი: “მზე ჩავიდა”, “მზე ამოდის” და ა.შ. ითვლება ნებისმიერი პასუხი საიდანაც ჩანს, რომ ლაპარაკია გეოცენტრულ სისტემის გავლენაზე.

კომენტარი: პირველი და მეორე არიან, შესაბამისად, კოპერნიკი და პტოლემეუსი. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ დიდი ხანია იცის, რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო, მსოფლიო ენების უმეტესობაში შემორჩენილია გეოცენტრული სისტემის გადმონაშთები.
წყარო: Eco, Umberto: Serendipities: Language and Lunacy; Harvest Books (1999)

ავტორი: გიორგი ბაქრაძე

აქამდე არასოდეს დავფიქრებულვარ, რომ “მზე ამოდის” პარადოქსული გამონათქვამია და “დედამიწა საკუთარი ღერძის გარშემო შემოტრიალდა” უნდა იყოს… ჰმ…

მეტაფორების სტრუქტურას რომ დავუბრუნდეთ და Animals–ის The House of the Rising Sun  რომ გავიხსენოთ, ზუსტად ის დროა. ეს ახალორლეანული სიმღერა მოგვითხრობს საროსკიპო სახლში გაზრდილი პატარა ბიჭის (ან გოგოს, სიმღერის ქალური ვერსიაც არსებობს) მძიმე ცხოვრების შესახებ. თავად სიმღერის სათაური კი – “ამომავალი მზის სახლი” – საროსკიპოს მეტაფორას წარმოადგენს, ანუ საქმე გვაქვს “მეტაფორასთან მეტაფორაში”, ანუ, როგორც ჩანს, სახლი იაპონელებს ეკუთვნოდათ, სადაც შემდეგ საროსკიპო სახლი გაუხსნიათ, შემდეგ იქ პატარა ბიჭი გაზრდილა და ა.შ.

P.S. ზემოხსენებული – :პერო: – რაიმე საკითხის განხილვის დროს სნობისტურ–ირონიული ჩაქირქილების აღმნიშვნელი გამომსახველობითი საშუალებაა, საკმაოდ გავრცელებული ქართულ ჰიპერტექსტურ სივრცეში.

ჩვენ ყველანი უკვდავები ვართ…

with 13 comments

ჩვენ ყველანი უკვდავები ვართ… ასე იწყებოდა სტატია, რომელიც ხუთი წლის, 2003 წელს წავიკითხე და დღემდე მახსენებს თავს, როდესაც ინტერნეტის და სიკვდილის თემას ვაწყდები. სტატია ერთი ჩვეულებრივი იუზერის, დონ მარტინის სიკვდილს იუწყებოდა. თითქოს არაფერი, ასეთი ინფორმაციით სავსეა მთელი ინტერნეტი, მაგრამ სტატიის ავტორი, რომელიც აწგარდაცვლილი იუზერის ვირტუალური მეგობარი გახლდათ, სხვა რამის თქმას ცდილობდა…

2003 წელი ეს ის დრო იყო, როდესაც სოციალური ქსელები ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაში იმყოფებოდა, ICQ და MSN Messenger ერთმანეთს ეჭიდავებოდნენ და MIRC–ი სულს ღაფავდა. ეს ის დრო იყო, როდესაც ადამიანების სოციალური აქტივობა ქსელში კვლავაც ტაბუდადებული თემა იყო, როდესაც ინტერნეტ ნაცნობობის შესახებ შეფარვით და მოკრძალებით საუბრობდნენ, აქაოდა ვინმემ ინფანტილიზმში არ გამოგვიჭიროსო და სწორად ამ დროს, წავიკითხე სტატია, სადაც მოთხრობილი იყო ერთი უბრალო იუზერის, დონ მარტინის გარდაცვალების შესახებ.

თავად სტატიის ავტორს უკვირდა, თუ რატომ სწუხდა ადამიანზე, რომელსაც არ იცნობდა, ამასთან იმასაც აცნობიერებდა, რომ დონ მარტინი მისთვის კვლავაც განაგრძობდა ცხოვრებას, იმ დანატოვარი პოსტებისა თუ ი–მეილების სახით, რომლებიც უხვად აღმოჩნდა The Inquirer-ის ფორუმზე. ერთადერთი განსხვავება, მკვდარ და ცოცხალ დონ მარტინს შორის ის იყო, რომ თანაფორუმელები მის ახალ პოსტებს და, მასთან უფრო დაახლოებული პირები, მის ი–მეილებს ვეღარ მიიღებდნენ. მთავარი მესიჯი, რომლის მოტანასაც სტატიის ავტორი ცდილობდა ის იყო, რომ სიკვდილის ცნებას ვირტუალურ რეალობაში სხვა განზომილება აქვსო. დღესაც დევს The Inquirer-ის ფორუმზე დონ მარტინის პოსტები, ფორუმიც მისი სახელობისაა და ალბათ დღემდე ეცინებათ თანაფორუმელებს მის ცინიზმითა და ირონიით აღსავსე პოსტებზე. სტატიის ბოლოს კი ნათქვამი იყო, რომ ჩვენს ფორუმზე სამასი ათასი პოსტია და თუ შეიძლება ნუ წაშლით, ჩვენ ყველანი უკვდავები ვართო…

ეს სტატია კიდევ ერთხელ გამახსენდა, მირიამ მაკებას სიკვდილის შესახებ რომ შევიტყვე გუშინ. პრინციპში არც არაფერი შეცვლილა ჩემთვის და ბევრი მისი სხვა მსმენელისათვის – ამ შემთხვევაშიც ერთადერთი განსხვავება ცოცხალ და გარდაცვლილ მირიამ მაკებას შორის ის არის, რომ მის ახალ კომპოზიციებს მე და ბევრი ჩემნაირი უბრალო იუზერი ქსელში ვეღარ მოვიძიებთ, ძველ ფაილებს კი განადგურება მანამ არ უწერიათ, სანამ ინტერნეტი არსებობს…

შეიძლება ვიღაცამ ცინიკური მიწოდოს სიკვდილზე და გარდაცვლილ ადამიანებზე ასეთი ტონით საუბრისათვის, თუმცა ფაქტია – სიკვდილს ქსელში სხვა განზომილება აქვს და მისი საზომი უკვდავებაა… უკვდავება იმ დიდი და პატარა ფორმით, რომელიც მილან კუნდერამ გოეთესა და ჰემინგუეის ჰიპოთეტური საუბრის დროს აღწერა. პატარა უკვდავება, კუნდერას სიტყვებით, ადამიანს მაშინ ეწვევა, როდესაც მის შესახებ ხსოვნა მის ნაცნობ–მეგობრებში, ანუ იმ ხალხში რჩება, რომლებიც პირადად იცნობდნენ მას. დიდი უკვდავება კი ეს ის ხსოვნაა, რომელიც ილექება მომდევნო თაობებში სხვადადხვა ფორმით.

იანვარში ალმა–ატაში ყოფნის დროს, როცა გარეთ მინუს 25 გრადუსი იყო და თვითიძულების წესით ტელევიზორს ვუყურებდი, ედმუნდ ჰილარის გარდაცვალების ამბავი შევიტყვე. მხრები ავიჩეჩე და განვაგრძე ახალი ამბების მოსმენა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს, ვინაიდან ჰილარი ჩემთვის, იმ ჰიპერტექსტური სამყაროს უბრალო იუზერისთვის, სადაც იგი ევერესტის პირველი დამპყრობელია, უკვე დიდი ხნის მკვდარი იყო. ზუსტად მაშინ გარდაიცვალა ჩემთვის ჰილარი (…და სხვა იუზერებისთვისაც), როცა თავი დაანება სოციალურ აქტივობას და ოკლენდში, ოკეანისპირა სახლში, ცისკრის პირას მბჟუტავი სანთელივით ჩაქრობა დაიწყო…

ბოლო ერთი თვეა, რაც ამ ბლოგში რაღაცეების წერა დავიწყე, იმდენმა ჩემთვის დავიწყებულმა ადამიანმა მიპოვა, მე თვითონაც გამიკვირდა. მოვიდნენ და მითხრეს, გვიხარია რომ ცოცხალი ხარო. დღეს სამსახურიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, სწორად ამაზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი იმაზე, უცებ ავარია რომ მომსვლოდა და ჩემს არსებობას არარსებობა ჩანაცვლებოდა, რა დაემართებოდა ამ ბლოგს და უცებ პასუხიც ვიპოვე – არც არაფერი დაემართებოდა, იქნებოდა მანამ, სანამ იარსებებდა ვორდპრესი ერთი უუუბრალო განსხვავებით – აქ მეტი პოსტები აღარ დაიდებოდა :)