ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

აზროვნების განსხვავებულობისა და ენების სწავლის შესახებ

with 6 comments

abdindded

უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მრავალი ენის შესწავლა ვცადე და თითოეული რაღაც დონეზე ვისწავლე. იაპონურში მხოლოდ ჰირაგანას და კატაკანას ასოები, რამდენიმე ათეული იეროგლიფი და რამდენიმე ფრაზა მახსოვს (აი, დაახლოებით ასეთი ცოდნა მაქვს თურქულში, სპარსულში, ესპერანტოში და სხვებში :დ). არაბულში შემიძლია ლექსიკონის დახმარებით უცნობი ტექსტის თარგმნა, რაღაც მარტივი ფრაზების გაგება და ვარ ბედნიერი. იტალიურში უფრო მეტი შემიძლია: ვრცელი ტექსტების კითხვა, მოსმენა და დამტვრეული საუბარი. ფრანგულში 2005 წელს DALF-ის დიპლომი ავიღე, რაც იმას ნიშნავს რომ ოდესღაც კარგად ვიცოდი და მერე რა, რომ ისე აღარ ვიცი როგორც ოდესღაც, ლიტერატურას ვკითხულობ და ფილმებს ვუყურებ, ჰოდა საკმარისია. ახლა კი გერმანულს ვსწავლობ, ვინაიდან მჭირდება და იმედი მაქვს მალე ვისწავლი…

წინა აბზაცში განზრახ გამოვტოვე რუსული და ინგლისური ენები, ვინაიდან ეს ორი ენა არც არასოდეს მისწავლია (ხანმოკლე ინტერვალებს თუ არ ჩავთვლით სკოლაში და უნივერსიტეტში) და არც არასოდეს მქონია პრეტენზია, რომ რომელიმე მათგანის გრამატიკა ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მისაღებად და ადამიანებთან საკომუნიკაციოდ ბოლო ორი წელია ჩემთვის ეს ორი ენაა არსებითი. უფრო მეტიც ეს ენები ჩემთვის არალოგიკურ სისტემად რჩება და არ მესმის ამდენი გამონაკლისის პირობებში, როგორ არის შესაძლებელი ვინმემ ისინი გრამატიკის საშუალებით ისწავლოს. ჰოდა, რადგან არ მესმის, არც არასოდეს ვეცდები გაგებას. ამ ქვეყნად კიდევ ბევრი საინტერესო რამ ხდება, ამაზე დრო რომ არ დავხარჯო.

უცხო ენების შესასწავლად ჭკვიანმა ბიძიებმა და დეიდებმა მრავალი მეთოდოლოგია შექმნეს. საინტერესოა, რომ ორი ნებისმიერად აღებული მეთოდოლოგია როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისან: ზოგი დიალოგებზეა ჩაციკლული და აქცენტს კომუნიკაციაზე აკეთებს, ზოგი გრამატიკის სავარჯიშოებით ღუნავს ტვინს, ზოგი პატარ-პატარა ტექსტებით ცდილობს ფონს გასვლას… საერთო ჯამში თუ ადამიანი მოიწადინებს ენის ინდივიდუალურად შესწავლას ძალიან დიდ გაურკვევლობაში აღმოჩნდება ვინაიდან ვერ გაიგებს რითი დაიწყოს, როგორ დაიწყოს და რა აკეთოს.

სწორად ამის გამო შევეცდები ოდნავ მაინც მოვფინო ნათელი იმ ქაოსს თუ რატომ არსებობს ამდენი მეთოდოლოგია და რატომ იჩემებს თითოეული ერთადერთი ჭეშმარიტი მეთოდოლოგიის შემქმნელობას. საქმე იმაშია, რომ სწავლა  არ არის სწორხაზოვანი პროცესი. ხელოვნური ნეირონული ქსელების სპეციალისტები ამბობენ, რომ რაღაცის სწავლის დროს სავარჯიშოების კეთებით, გრამატიკის წესების გააზრებით, დიალოგების ზუთხვით და ა.შ. ტვინის ნეირონები ისე იმუხტებიან, რომ როგორც კი უცნობი აზრის გამოთქმა მოგინდებათ ადეკვატური ინფორმაცია გამოდის სამეტყველო აპარატიდან, ან პირიქით შედის ტვინში ყურების გავლით.

მიუხედავად იმისა, რომ უცნობია ტვინის ნეირონული ქსელის ზედმიწევნით ზუსტი არქიტექტურა. ადამიანებმა ბოლო ორი ათას ექვსასი წლის განმავლობაში რაღაცის გაგება მაინც მოახერხეს იმ ფენომენის შესახებ რასაც აზროვნება ჰქვია და რასაც ძვ. ბერძნები „ლოგიკას“ ეძახდნენ. საინტერესო ისაა, რომ აზროვნების სხვადასხვა ტიპი არსებობს, სწორად ამან განაპირობა უცხო ენების შესასწავლი მეთოდოლოგიების ნაირგვარობა. თუმცა უხეშად რომ ვთქვათ აზროვნების და მსჯელობის ყველა ტიპი შეიძლება მოკლედ ასე განვიხილოთ: ჩვენ გვაქვს მოცემული ნაცნობი ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც უნდა გავიგოთ უცნობი ინფორმაცია.

აზროვნების ტიპების განსხვავების დასანახად მოდით მაგალითები განვიხილოთ: 1) ჩვენ გვეუბნებიან, რომ მესამე რაიხში არის მიღებული საკანონმდებლო აქტი, რომლის თანახმადაც ყველა ებრაელს უნდა ეკეთოს დავითის ვარსკვლავი. შესაბამისად თუ ჩვენ ვიმყოფებით მესამე რაიხში და ვხედავთ დავითისვარსკვლავიან ადამიანს შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ებრაელია 2) ჩვენ მოვხვდით მესამე რაიხში და ვხედავთ, რომ ზოგიერთ მაცხოვრებელს უკეთია დავითის ვარსკვლავი და მათ შორის ვისაც ვკითხეთ, გვითხრა რომ ებრაელია. ჩვენ ვასკვნით, რომ მესამე რაიხში დავითის ვარსკვლავი ებრაელებს უკეთიათ 3) ჩვენ მოვხვდით მესამე რაიხში და აღმოვაჩინეთ, რომ დავითის ვარსკვლავი უკეთიათ მხოლოდ ებრაელებს. ჩვენ გამოვთქვამთ ჰიპოთეზას, რომ ეს ნაციონალ-სოციალისტებმა იმიტომ გააკეთეს, რომ ებრაელები გამოერჩიათ ვიზუალურად და შესაბამისად დავითის ვარსკვლავის ტარება შემთხვევითი არ არის, შესაბამისად ყველას ვისაც უკეთია დავითის ვარსკვლავი არის ებრაელი, ჩვენი ჰიპოთეზის შესაბამისად.

ზემოთ განხილული სამ შემთხვევას ლოგიკაში: 1) დედუქცია 2) ინდუქცია 3) აბდუქცია ეწოდებათ. საინტერესოა, რომ სწორად მათ შორის განსხვავებები განსაზღვრავს უცხო ენების შემსწავლელი მეთოდოლოგიების რაობას. ასე მაგალითად წიგნები, სადაც ჯერ გრამატიკას გასწავლიან, წესს განგიმარტავენ და შემდეგ გაჩვენებენ, როგორ მოარგოთ ეს წესი კონკრეტულ შემთხვევას დედუქციურ მსჯელობაზე დგას. წიგნები, სადაც ბევრი დიალოგის ტექსტს გაზეპირებინებენ, წესების მინიმალურ რაოდენობას, ან საერთოდ არ გიხსნიან და სწავლის პროცესში თქვენ თავად ხვდებით ენის შინაგან სტრუქტურას, გრამატიკულ წესებს და თავისებურებებს – ეს ინდუქციაა. აბდუქციის შემთხვევაში კი გრამატიკა და ტექსტები პარალელურად მიდის, ოღონდ ისე რომ წესებს ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გეუბნებიან პოსტ-ფაქტუმ, რათა ნათელი მოჰფინონ თუ რატომაა ეს ფრაზა ასე და არა ისე.

ერთი კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ: ყველას ვისაც გერმანულის ანა-ბანის სწავლა განუზრახავს აუცილებლად ისწავლიდა მისალმებებს: Guten Morgen, Guten Abend, Guten Tag და (!) Gute Nacht. ეს უკანასკნელი რატომაა Gute და არა Guten თავიდან არავინ გვეუბნება და ოდესმე, როცა ზედსართავების ბრუნებას და არსებითი და ზედსართავი სახელების შეწყობის წესებს ვსწავლობთ, მხოლოდ მაშინ ხდება გასაგები (ეს აბდუქციაა). ინდუქციის შემთხვევაში არავინ არაფერს გვეუბნება, ვიზეპირებთ ყველა შემხვედრ ზედსართავს და არსებითს მოცემულ დიალოგებში და ერთ მშვენიერ დღეს შვილებსაც ასე ვასწავლით: „Gute Nacht-ში ბოლოში “n” არ უნდა მეთქი და მორჩა!“ – დედუქციის შემთხვევაში კი ჯერ წესებს ვსწავლობთ და მერე ყველაფერი მარტივია.

ჰოდა, ამ ყველაფრის განხილვის შემდეგ ადამიანებს ებადებათ კითხვა: რომელი მიდგომაა უკეთესი? – პასუხი ამ შემთხვევაში არის შემდეგი: გააჩნია ვისთვის! – ზოგი ადამიანისათვის აზროვნების ბუნებრივი ფორმა ინდუქციაა, ზოგისთვის აბდუქცია და ზოგისთვის კი – დედუქცია (ამ უკანასკნელებზე ამბობენ, რომ ფორმულებით და სქემებით აზროვნებს :დ), შესაბამისად მეთოდოლოგია ინდივიდუალურად უნდა იყოს შერჩეული და ერთი მარტივი რაღაც უნდა გვახსოვდეს: ყველა მეთოდოლოგია ყველა ადამიანზე არ მუშაობს და სანამ ენის შესწავლას დააპირებთ ჯერ ის დაადგინეთ აზროვნების რომელი სახესხვაობაა თქვენთვის ყველაზე ახლობელი და ამის შემდეგ შეარჩიეთ სახელმძღვანელო.

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. “ჩვენ გვეუბნებიან, რომ მესამე რაიხში არის მიღებული საკანონმდებლო აქტი, რომლის თანახმადაც ყველა ებრაელს უნდა ეკეთოს დავითის ვარსკვლავი. შესაბამისად თუ ჩვენ ვიმყოფებით მესამე რაიხში და ვხედავთ დავითისვარსკვლავიან ადამიანს შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ებრაელია”

    გითხრეს, რომ კანონში წერია, რომ სხვებს არ უნდა ეკეთოს?

    me

    March 30, 2013 at 9:58 pm

  2. გერმანული ჩემი აქილევსის ქუსლია :| მიუხედავად იმისა, რომ გრამატიკა (მეტ–ნაკლებად) ვიცი, საუბარი მაინც არ გამომდის ისე, როგორც მინდა.

    ყველა ენას აქვს ასეთი “უბრალოდ დაიზეპირე და მორჩა” წესები, მაგრამ თითქმის ყველა გერმანიკულ ენას ერთნაირი ლოგიკა აქვს, თუ შეიძლება ამას ლოგიკა დავარქვა. ამის მიხედვით ადვილია გერმანულის სწავლა, თუ ნორვეგიული იცი ან ფლამანდიური, ინგლისურს რომ თავი დავანებოთ.

  3. აქ უცხო ენის შესწავლაზეა, მაგრამ ალბათ არანაკლებ საინტერესოა, როგორ სწავლობენ ბავშვები ენას მხოლოდ მოსმენით, ყოველგვარი პარადიგმების ზუთხვის გარეშე, ხშირად არასრული, არაგრამატიკული და ნაკლოვანი input-იდან. მით უმეტეს კი ბავშვები, რომლებსაც ერთზე მეტი ენა ესმით და ამ ორივეს რაღაც დროის მერე უნაკლოდ აცალკევებენ.

    Nino Amiridze

    April 1, 2013 at 3:18 am

    • ეგ ისეთვე შემთხვევაა, ტექსტებს რომ იზეპირებენ მოზრდილები.

      me

      April 2, 2013 at 7:36 pm

  4. ბავშვობაში ინგლისურის და გერმანულის სწავლის პროცესში არასდროს არ გამჩენია კითხვა, რატომ იყო ესა თუ ის გრამატიკული საკითხი მაინცდამაინც ასე და არც არავის აუხსნია. მერე ცოტა უფრო შეგნებულ ასაკში ნორვეგიულის სწავლა დავიწყე, დავინტერესდი გერმანიკული ლინგვისტიკით და ყველაფერი თავის ადგილას დადგა – რატომ არის ესა თუ ის ზმნა არაწესიერი, რატომ აქვთ გამონაკლის არსებით სახელებს ისეთი მრავლობითი რიცხვი, როგორიც აქვთ, რატომ არის ინგლისურად sword და გერმანულად schwert და სხვა მრავალი. ამ ”აღმოჩენების” გაკეთება, შესაბამისი სამეცნიეროლიტერატურის განცნობა, ლოგიკის დანახვია, რეგულარული ბგერათშესატყვისობების კარგად გაგება დამეხმარა ნორვეგიულის ადვილად სწავლაში და შემდეგ – შვედურისაც. ცოტა ისლანდიურადაც ვამტვრევ. ჰოლანდიურია რიგში შემდეგი. ჩემი პროფესია არანაირ კავშირში არაა ლინგვისტიკასთან, მაგრამ ძალიან ჩამითრია შედარებითმა გერმანიკულმა ენათმეცნიერებამ.

    მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ეტაპი, როცა დედუქციის მეთოდით ვსწავლობდი ენებს და შემდეგ ინდუქციურ მეთოდს მივაგენი, რამაც შეავსო გარკვეული ცარიელი ადგილები და ენების გააზრებულად სწავლაში დამეხმარა.

    Nino Demuria

    April 4, 2013 at 5:47 pm

  5. ჩემი აზრით სწავლის სხავდასხვა ეტაპზე სხვადასხვა მეთოდებია საჭირო. კდიევ ენასაც გააჩნია და იმ გრამატიკას, ფონეტიკას და დამწრლობას რომელსაც ვსწაბლობთ.

    გამონაკლისი, ყველაფრიდან ჩინური იყო ბოლოს რასაც შევეკიდე, და სიმართლე რომ ვთქვა დაზეპირება დამჭირდა ძირიადი იეროგლიფების და კდიევ ბევრი რამეს. სხვა ენები არ მახსოვს როგორ ვისწავლე, მაგრამ მგონია დასწაყისშო დაზეპირებას ვერ ავცდებოდი, აი მერე და მერე უკვე ლოგიკის ძებნას დავიწყებდი. ზოგადად რაც უფრო კარგად იცი რამე ენა, მით უფრო ნაკელაბად არის ახალი სიტყვების დაზეპრება კარგი სწავლის სტრატეგია.

    ტომა

    December 22, 2013 at 12:45 am


Leave a comment