ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ჰექსაკოსიოიჰექსეკონტაჰექსაფობია

with 11 comments

უკანასკნელი მონაცემებით საქართველოში მობილური ტელეფონების შეღწევადობა 75%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში სამ მილიონ ადამიანზე მეტი სარგებლობს მობილური ტელეფონით. მათ შორის ყველაზე დაკვირვებული და (ცრუ)მორწმუნე ნაწილი კი ერთი გარემოებითაა შეშფოთებული: აბონენტის საიდენტიფიკაციო მოდულზე, ე.წ. SIM-ბარათზე მათ ანტიქრისტეს ბეჭედი, სამი ექვსიანი შენიშნეს და ახალ მითქმა-მოთქმას დაუდეს დასაბამი. შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ: ამოიღეთ თქვენი მობილური ტელეფონიდან SIM-ბარათი და დახედეთ. ექვსიანებს თუ ვერ ხედავთ, წაღმა-უკუღმა ატრიალეთ და მხეცის რიცხვს აუცილებლად დაინახავთ! კი მაგრამ, რა არის ამის მიზეზი? ამ თემით შეშფოთებული მორწმუნენი გვიპასუხებენ, რომ საქართველო დაისაჯა ბოლო ჟამს არაეკლესიური და არაქრისტესმიერი ცხოვრების გამო, თუმცა ეს სწორი პასუხი არ გახლავთ. საქმე უბრალო დამთხვევასთან გვაქვს და ამაში მასონები, სიონისტი ბერები და მისთანანი კავშირში არ არიან.

ყოველ SIM-ბარათს გააჩნია ოცნიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, ე.წ. ICCID, რომელსაც მობილურ ტექნოლოგიებში ფართო გამოყენება აქვს. პირველი ორი ციფრი ზემოხსენებული ოცნიშნა ნომრიდან ინდუსტრიაზე მიუთითებს, რომელშიც SIM-ბარათი გამოიყენება, შემდეგი სამი კი – ქვეყანაზე, რომლის მცხოვრებლებზეც გაიცემა ის. ინდუსტრიის აღმნიშვნელი ორი ციფრი ჯერჯერობით ყველა SIM-ბარათისთვის “89” არის (ტელეკომუნიკაციის სფერო), შემდეგი სამი ციფრი კი საქართველოს შემთხვევაში არის “995”, ანუ ქვეყნის საერთაშორისო კოდი. ამ ორის შეერთებით კი მიიღება “89995” და შესაბამისად, საქართველოში გაყიდული ყველა სიმბარათი ამ ხუთნიშნა კომბინაციით იწყება. თუკი მას ამოვატრიალებთ, იმ ავადსახსენებელ სამ ექვსიანს დავინახავთ, რომელმაც იმდენად შეაშფოთა ჭეშმარიტი მორწმუნენი, რომ მათ საძულველი სამი ექვსიანი საკუთარ SIM-ბარათებზე წაშალეს.

საქართველოში სამი ექვსიანის მიმართ განწყობა ერთმნიშვნელოვანია, მორწმუნე მრევლს არაცნობიერად სძაგს ის. ძალიან საინტერესოა, თუ რა დამოკიდებულება იყო ამასთან დაკავშირებით საქართველოში მე-18 საუკუნემდე, სანამ არაბული ციფრები ჩვენში მასობრივად გაიდგამდა ფეხს, ანუ მაშინ როცა რიცხვებს ასოების საშუალებით ვწერდით?! მაგალითისთვის ექვსას სამოცდაექვსი ძველ ქართულში გამოიხატებოდა როგორც “ქჲვ” და ეს ტრიადა ყოველგვარი ნუმეროლოგიური ქვეტექსტისგან თავისუფალი იყო. იგივე ითქმის “აპოკალიფსის” ძვ. ბერძნულ ორიგინალზე, სადაც მხეცის რიცხვი სამი ბერძნული ასოს, χξϛ საშუალებითაა ჩაწერილი. აკი მიგვითითებს კიდეც იოანე ღვთისმეტყველი თავის გამოცხადებაში: “ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვიო”, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ საუკუნეში ათასის ფარგლებში ანგარიშის და ამ სამი ბერძნული ასოს გაშიფრვის მცოდნე მას ბევრი არ ეგულებოდა.

სამი ექვსიანის გარშემო ატეხილმა ისტერიკამ ყოფა-ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ასე მაგალითად, საქართველოში არ იყიდება მობილური ტელეფონის ნომრები, რომელშიც “666” ფიგურირებს, მიუხედავად იმისა, რომ ის სამ ერთნაირ ციფრს შეიცავს და ასეთი კომბინაცია, როგორც წესი, “კარგ” ნომრად ითვლება. სამ ექვსიანს ასევე არ სწყალობენ ქართველი მძღოლები. მას დევნიან საკრედიტო ბარათებზე, საბანკო ანგარიშებში და ქუჩის ნუმერაციებში. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს ამხელა ქუჩები ჩვენთან სად არისო, თუმცა მე მაინც მეგულება ერთი ასეთი გრძელი ქუჩა. კარგად მახსოვს თუ როგორი გულმოდგინებით ვეძებდი ერთ ზაფხულს ქობულეთში აღმაშენებლის 666 ნომერ კარიბჭეს, მაგრამ ასეთი ვერ აღმოვაჩინე, არადა სახლების ნუმერაცია რვაასს სცდება. ერთი სიტყვით, ქართველთა უმრავლესობას უწყინარი დაავადება ჰექსაკოსიოიჰექსეკონტაჰექსაფობია აქვს შეყრილი, რაც სამი ექვსიანის არაცნობიერ ფობიას აღნიშნავს.

ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ერთი მომენტი. ისინი, ვინც ასე გაურბიან მხეცის რიცხვს, სინამდვილეში გაურბიან სამ ექვსიანს და არა იმას, რასაც ის მიუთითებს. ადამიანთა დიდ ნაწილს ციფრებსა და რიცხვებს შორის განსხვავების გაკეთება უჭირს. აბსტრაქტული რაობა, რიცხვი, რომლის შესახებაც იოანე ღვთისმეტყველი წერდა “χξϛ არის მხეცის რიცხვი, იგივე ექვსასსამოცდაექვსიო” და სამი ექვსიანით ჩაწერილი კომბინაცია “666” მრავალთა წარმოდგენაში ერთმანეთის იდენტურია. არადა, “666” ისევე მიუთითებს მხეცის რიცხვზე, როგორც ძვ. რომაული DCLXVI, ბინარული “1010011010” და ჰექსადეციმალური – “29A”. ნატურალურ რიცხვთა სიმრავლეში 666 ერთ-ერთი უნიკალური რიცხვია, თავისი გამორჩეული თვისებებით: ის პირველი შვიდი მარტივი რიცხვის კვადრატების ჯამს უდრის (4+9+25+49+121+169+289=666). ასევე პირველი 36 წევრის ჯამიც 666-ია (1 + 2 + 3 + … + 34 + 35 + 36 = 666), რაც ოსტატურად გამოიყენეს კაზინოს და სათამაშო ბიზნესის მოქიშპე მორალისტებმა ე.წ. რულეტკისთვის შავი პიარის ასაგორებლად. თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ცალკე აღებულ სამ ექვსიანს არანაირი კავშირი არ აქვს ანტიქრისტეს ბეჭედთან, ვინაიდან საკრედიტო ბარათზე, SIM-ბარათსა თუ ქუჩის ფირნიშზე მოთავსებული სამი ექვსიანი მხოლოდ და მხოლოდ ნუმერაციის საშუალებაა და ის არანაირ რიცხვს არ გამოხატავს!

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა”

Advertisements

Written by linguistuss

April 3, 2011 at 4:32 pm

11 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მაგრა მაინტერესებს პოსტის ავტორი პოსტის სათაურს თუ წაიკითხავს გამართულად!!

    consolidate

    February 1, 2013 at 2:41 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: