ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for November 29th, 2009

ლევან ცაგარელის შეკითხვები

with 11 comments

წარმოგიდგენთ ჩვენი კლუბის ახალგაზრდა ავტორს, ლევან ცაგარელს, რომლის შეკითხვები გასულ ტურებში დაისვა პირველ და მეორე ლიგაში, სადაც მთავარი რედაქტორის ფუნქცია მე მაკისრია. საერთო ჯამში ლევანის შეკითხვები მომეწონა, ამიტომაც გამიჩნდა სურვილი, მისი ნებართვით, ბლოგზე ახალგაზრდა ავტორების წარდგენა მისი შეკითხვებით დავიწყო. შემდგომში სხვა ახალგაზრდა ავტორთა შემოქმედებას შემოგთავაზებთ.

1. ერთ–ერთ იაპონურ მანგაში საუბარია ”წინასწარმეტყველების წიგნზე”, რომელსაც  სდევნიან და ანადგურებენ. მისი კოდური სახელია k505. დაასახელეთ ამ წიგნის ავტორი.

პასუხი: რეი ბრედბერი
კომენტარი: საუბარია ”451 გრადუს ფარენგეიტზე”. K505 კი აშკარა მინიშნებაა 505 გრადუსზე კელვინით, რაც უდრის 451 გრადუსს ფარენგეიტით. წინა ტურიც რეი ბრედბერის ამ რომანზე შეკითხვით დავიწყეთ.
წყარო: 1. ბმული

2. ჩეროკის ტომის ინდიელები ყვებიან ზღაპარს წისქვილზე, რომლიდანაც ძაღლი ყოვე ლღამე იპარავდა ფქვილს. ფქვილი გზადაგზა იპნეოდა, რის შედეგადაც გაჩნდა “ეს”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ “ეს” ორი სიტყვით.

პასუხი: ირმის ნახტომი
კომენტარი: რძიანი გზაც ჩაითვლება.
წყარო: 1. ბმული

3. მეთექვსმეტე–მეჩვიდმეტე საუკუნეების ვენეციაში მცხოვრებ მარინა გამბას ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ ეს. ცნობილია, რომ ეს სულ ოთხია: იო, ევროპა, განიმედი და კალისტო. დაასახელეთ ეს ორი სიტყვით.

პასუხი: გალილეის თანამგზავრი
კომენტარი: მარინა გამბა იყო გალილეო გალილეის ცოლი და ჩვენ მას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ, გელილეის თანამგზავრი. იუპიტერის თანამგზავრებს, მათი აღმომჩენის საპატივსაცემოდ, ეწოდებათ გალილეის თანამგზავრები.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

4. ერთ–ერთ მოთხრობაში, მოჭადრაკე რომელიც თამაშის დროს კვდება ჭადრაკის ფიგურით ხელში, ხვდება იქ. იქ ერთ–ერთი ვერსიით 540 კარია. დაასახელეთ: სად იქ?

პასუხი: ვალჰალაში
კომენტარი: მითის მიხედვით ვალჰალაში ხვდებიან მებრძოლები, რომლებიც იარაღით ხელში დაიღუპნენ ბრძოლის დროს. მოჭადრაკე ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.
წყარო: 1. რუბენ გალიეგო ”..და მე ვზივარ ნაპირზე”

5. ის აღმოჩენილ იქნა 1687 წელს. დონალდ ბარტელმის პერსონაჟი თვლის, რომ მისი არსებობა  ნათელი მტკიცებულებაა იმის, რომ ყოველგვარი ძალისხმევა ამაოა. დაასახელეთ ის მაქსიმალურად ზუსტად სამი სიტყვით.

პასუხი: ნიუტონის მესამე კანონი
კომენტარი: სხეულზე მოქმედი ძალა უდრის უკუძალას ანუ ყოველგვარი ადამიანური ძალისხმევა იწვევს მის ტოლფას წინაამღდეგობას – ყველაფერი ამაოა..
წყარო: 1. ბმული 2. დონალდ ბარტელმი ”გრაფოლოგია”.

6. რომანში ”ლუჟინის დაცვა” ვლადიმერ ნაბოკოვი ამას ადარებს ძახილის ნიშანს, რომელსაც წერტილები დროდადრო ცვივა.  დაასახელეთ ის, სულ რაღაც ორი ასოს გამოყენებით.

პასუხი: ლოლო
კომენტარი: ორი ასო – ”ლ” და ”ო”.
წყარო: 1. ბმული

7. ფრედერიკ დუგლასის ერთერთი ნაწარმოების სიუჟეტი მიმდინაობს მღვიმეში. გოგონა ვერა და ვერ ახერხებს აუხსნას ბიჭს, რომ ის მას არ უყვარს. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ამის მიზეზი… მიზეზი…

პასუხი: ექო
კომენტარი: გოგონა ბიჭს ეუბნება: მე შენ არ მიყვარხარ..ექო კი იმეორებს ბოლო სიტყვას: მიყვარხარ..მიყვარხარ…მიყვარხარ..
წყარო: 1. Ш. Грэхем. Фредерик Дуглас, ЖЗЛ, 1959

8. ერთ–ერთ ლიტერატურულ გმირს ამის გაკეთება შეეძლო დღე–ღამეში 1440–ჯერ. გილბერტ კიტ ჩესტერტონს კი, თავისივე სიტყვების თანახმად, ბრიტანულ იმპერიალიზმი ამის გაკეთების ნებას არ აძლევდა. დაასახელეთ სამი სიტყვით, რისი გაკეთების ნებას არ აძლევდა ბრიტანული იმპერიალიზმი ჩესტერტონს?

პასუხი: მზის ჩასვლის ყურებას
კომენტარი: პატარა უფლისწულს მეფარნის პლანეტაზე სწორედ ამდენჯერ შეეძლო მზის ჩასვლა ენახა. ჩესტერტონი კი მისთვის ჩვეული იუმორით აშარჟებს ცნობილ გამოთქმას: ბრიტანეთი, სამეფო სადაც არასოდეს ჩადის მზე.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

9. 2006 წელს ბარსელონას მწვრთნელმა ფრენკ რაიკაარდმა ლაიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის განაცხადში შეიყვანა, მიუხედავად იმისა,რომ ის დაზიანებული იყო და თამაშს ვერ შესძლებდა. მწვრთნელის ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას, ავტორის  მეგობარმა ახსენა  ცნობილი ფრთიანი ფრაზა, ისე რომ მის ქართულ თარგმანში მხოლოდ ერთი ასო შეცვალა. დაასახელეთ ეს ფრთიანი ფრაზა.

პასუხი: პარიზი მესად ღირს
კომენტარი: ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა ქალაქ პარიზში  იმართებოდა.
წყარო: 1. ბმული

10. ცნობილი ოპერის ლიბრეტოში არის ასეთი ეპიზოდი: მსახური კითხულობს გრძელ სიას და უთანაგრძნობს ერთ–ერთ გმირს, რომ ის პირველი არ არის. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ოპერის მთავარი პერსონაჟი.

პასუხი: დონ–ჟუანი
კომენტარი: საუბარია მოცარტის ოპერაზე “დონ–ჟუანი”, სადაც დონ–ჟუანის მსახური, ლეპორელო კითხულობს დონ–ჟუანის საყვარლების სიას და უთანაგრძნობს დონა ელვირას, რომ ის პირველი არ არის.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

11. შემოქმედების გარკვეულ ეტაპზე პირველი დამონებული იყო მეორის სტილით და ცდილობდა მიებაძა მისთვის. მაგრამ თანდათანობით, შეიმუშავა რა შემოქმედების მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერა, მთლიანად დააღწია თავი გავლენას. გაითვალისწინეთ, რომ პირველი შეკითხვის ტექსტში უფრო ადრეა ნახსენები, ვიდრე მეორე და დაასახელეთ ორივე სწორი თანამიმდევრობით!

პასუხი: მონე და მანე
კომენტარი: მონე ნახსენებია “დამონებულში”. მანე – “მანერა”–ში.
წყარო: ბმული

12. ჩინეთსა და იაპონიაში მათი განცალკევების არცოდნა, უკულტურობისა და მოუხერხებლობის ეტალონად ითვლება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი, რის შესახებაცაა საუბარი.

პასუხი: ჰაში (საჭმელი ჩხირები)
კომენტარი: ჩინურ და იაპონურ რესტორნებში ჩხირები წყვილად მოაქვთ, იმის ნიშნად რომ მათით ჯერ არავის უსარგებლია. მათი განცალკევების არცოდნა უკულტურობის ეტალონად ითვლება.
წყარო: ბმული

13. ანდრე ბრეტონს ისინი მუდამ აგონებდა ჭეშმარიტად ესპანური ხარის რქებს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ადამიანი, რომელსაც ისინი ეკუთვნოდა.

პასუხი: სალვადორ დალი
კომენტარი: ხარის რქებს ანდრე ბრეტონს სალვადორ დალის ულვაშები აგონებდა.
წყარო: 1. А. Етоев. Книгоедство. – Новосибирск: Сибирское университетское издательство, 2007. – С.80

14. რევოლუციამდელ საფრანგეთში მას უმდაბლესი ღირებულება ჰქონდა, რევოლუციის შემდეგ კი უმაღლესად იქცა და ჩვეულებრივი ხალხის მეფეზე გამარჯვების სიმბოლო გახდა. ყურადღება შეკითხვა: რის შესახებაა საუბარი?

პასუხი: ბანქოს ტუზის, იმავე კიკოს შესახებ
კომენტარი: რევოლუციამდე ბანქოში ტუზს ყველაზე დაბალი ღირებულება ჰქონდა (ერთიანი იყო), რევოლუციის შემდეგ მეფეზე (ე.წ. “კაროლზე”) მაღალი ღირებულება შეიძინა.
წყარო: ბმული

15. ამერიკულ საფონდო ბირჟებზე არის ასეთი გამოთქმა: რაც უფრო ხანგრძლივი და იშვიათია ეს, მით უფრო კარგად მიდის საქმეები. რაც უფრო ხანმოკლე და ხშირი – მით უფრო ცუდად. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ორი სიტყვით.

პასუხი: სიგარეტის ნაფაზი
კომენტარი: როცა ადამიანი ნერვიულობს ნაფაზებიც უფრო ხანმოკლე და ხშირ–ხშირია, ხოლო როცა ის მშვიდად არის და კმაყოფილებას განიცდის – უფრო გრძელი და ხანგრძლივი.
წყარო: ბოგდანოვიჩი ”ფსიქოკორექცია ყოველდღიურ ცხოვრებაში”.

16. ერთ–ერთ სტატიაში უახლოესი ისტორიის ანალიზისას ჟურნალისტმა საქართველო შეადარა იქსს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი სიტყვით 1831 წელს გამოქვეყნებული რომანი, რომლის სათაურიც წარმოადგენს იქსს.

პასუხი: შაგრენის ტყავი
კომენტარი: ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ჩვენი ტერიტორიების მუდმივი შემცირება, ჟურნალისტმა შეადარა შაგრენის ტყავს, რომელიც ონორე დე ბალზაკის რომანში მუდმივად მცირდება.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

17. ერთი მოთხრობის გმირი, იმის შემდეგ, რაც უცხო ქალაქში ვერაფრით ვერ პოულობს სასტუმროს, იძულებულია ღამე გაათიოს ღია ცის ქვეშ. აღნიშნავს რა, თავისი საძინებლის უპირატესობას სასტუმროებთან შედარებით, ის ამბობს რომ ის აქ ჩვეულებრივზე უთვალავჯერ უფრო მეტია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ის!

პასუხი: ვარსკვლავი
კომენტარი: მას შემდეგ, რაც პერსონაჟმა ვერ იშოვა ნომერი 3, 4 ან 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში, მან ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა, სადაც მთელი ღამე ვარსკვლავებს უყურებდა.
წყარო: ჰარუკი მურაკამი ”ობობისმაგვარი მაიმუნი ღამით”.

18. 2008 წელს გამოშვებული ტოიოტას მარკის მოდელის მთავარ მახასიათებლად სპეციალისტები მიიჩნევენ მის ინოვაციურობასა და ხარისხიანობას. ექსპერტები მას საკმაოდ მაღალი კოეფიციენტით აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ეს არის მანქანა ინტელექტუალური ავტომანებისათვის. დაასახელეთ, მაქსიმალურად ზუსტად, რა ეწოდება ამ მოდელს.

პასუხი: Toyota iQ
კომენტარი: Innovation end quality – I.Q., გარდა ამისა, შეკითხვის ტექსტში გაიჟღერა სიტყვებმა ”კოეფიციენტი” და ”ინტელექტუალური”.
წყარო: ბმული

19. ერთი ვერსიით რუსულ ენაში ეს სიტყვა ძვ. ბერძნული მონეტის სახელწოდებიდან წარმოიშვა, რომლის გაყალბებაც არ წარმოადგენდა დიდ სირთულეს. შეკითხვის ავტორი თვლის, რომ ამ სიტყვით შეგვიძლია მოვიხსენიოთ თავად ეს შეკითხვაც. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს რუსული სიტყვა, რომელიც ქართულშიც გამოიყენება.

პასუხი: ხალტურა
კომენტარი: ძველი ბერძნები ”ხალკოზ’’–ს უწოდებდნენ სპილენძის მონეტას, რომლის გაყალბებაც არ წარმოადგენდა დიდ სირთულეს. აქედან წარმოიშვა სიტყვა ”ხალტურა”.
წყარო: ბმული

20. ერთ–ერთი სტატიის ავტორი საუბრობს რა რუსეთ უკრაინის ბოლოდროინდელ ურთიერთობაზე, რუსეთს უკრაინის გარეშე ადარებს პირველს. ხოლო უკრაინას რუსეთის გარეშე მეორეს. პირველიც და მეორე ლიტერატურული ნაწარმოებებია. დაასახელეთ ორივე ნებისმიერი თანმიმდევრობით.

პასუხი: “პროფესორი დოუელის თავი” და “უთავო მხედარი”.
კომენტარი: რუსეთი უკრაინის გარეშე არის – უთავო მხედარი, უკრაინა რუსეთის გარეშე – პროფესორი დოუელის თავი.
წყარო: 1. ბმული

Written by linguistuss

November 29, 2009 at 11:30 pm