ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for November 16th, 2009

ნალნიასათვის, ასლანისათვის წიიიიინ!

with 6 comments

ვისაც არ უთამაშია რა? სად? როდის? მისთვის უცნობია თუ რას ნიშნავს, როდესაც კითხვას გამოიცნობ. უფრო სწორად როდესაც თავში სადღაცა გაანათებს და სწორ პასუხს მიხვდები. რაც უფრო მეტია ასეთი მომენტი თამაშის დროს მით უფრო სასიამოვნოა ამ თამაშზე დახარჯული დრო, ამიტომაც შეკითხვების წერისას რედაქტორები ერიდებიან ისეთი კითხვების მოტანას, რომელზე პასუხიც შესაძლოა, რომ მოთამაშეებმა იცოდნენ. არანაირი ხიბლი და ხალისი არ აქვს, როდესაც რაღაც ფაქტს გეტყვიან და უცებ გახსენდება, რომ ეს ამბავი სადღაც გაქვს წაკითხული. მთავარი ამ თამაშში კითხვის ლოგიკის მიხვედრაა, რასაც გუნდური შეთამაშება და ე.წ. “დამუღამება სჭირდება”.

მაგალითისთვის განვიხილოთ შეკითხვა, რომელიც მეოთხე ტურის უმაღლეს ლიგაში დაისვა. მოგვიტანეს სურათი:

e632f1a45834

შემდეგ დაისვა შეკითხვა:

თქვენს წინაშეა სურათი, რომელსაც კითხვის ავტორი ერთ-ერთი ვებ–გერდზე წააწყდა. სურათზე თქვენ ხედავთ ორ ობიექტს, რომელთაგანაც ერთზე მე წავშალე წარწერა. სახელწოდება, რომლითაც დასათაურებულია ეს სურათი, წარმოადგენს მეცნიერების კვლევის ობიექტს. ზუსტად ანალოგიური სათაურით ვიკიპედიაში შეიძლება იპოვოთ სტატია, რომელიც ამ საკვლევი ობიექტის შესახებ მოგვითხრობს. დაასახელეთ სურათის სათაური.

სურათს დავხედე თუ არა, ჩემს ძმაკაცსა და თანაგუნდელს, ირაკლი ნაზღაიძეს ვეუბნები, ქვედა ნაწილი შოკოლადს ჰგავს მეთქი და სიტყვა არ მქონდა დასრულებული, რომ მის თვალებში აციმციმებული ვარსკვლავები დავინახე და სანამ იტყოდა რამეს, მივხვდი, რომ ეს კითხვა გამოვიცანით. დაახლოებით იგივე რამ მოხდა ფლანგიდან ბურთს თავზე რომ დაასვამ ცენტრფორვარდს, ის ბურთს რომ მიიღებს, მკერდზე გაიჩერებს და ლაწწწწწ… ნაზღამ ეგრევე დააჯახა “წყალია მარსზეო”. ბოლო ერთი წუთი მარაზმით დავკავდით იქნება შოკოლადი “მარსი” კი არ არის “ლუნააო”, ისიც მუქ ფერებშიაო, მთვარეზეც იპოვეს ეხლახანს წყალიო, თუმცა ბოლოს მაინც მარსი ვარჩიეთ და ნაზღას აციმციმებული ვარსკვლავები დავუფასეთ…

მეორე ასეთი შემთხვევა პირველ ლიგაში მოხდა, სადაც ლევან ჩხეიძის კითხვები იყო დასმული:

ამ სკულპტურული კომპოზიციის ნახვა ქალაქ ბელფასტშია შესაძლებელი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სახელი და გვარი ადამიანისა, ვისაც ეძღვნება ეს კომპოზიცია?

lewis

ბევრს აღარ გავაგრძელებ და შემოგთავაზებთ ერთი პირველლიგელის დეტალურ ემოციურ პოსტს, თუ როგორ გამოიცნო მან ეს კითხვა. მან ეს პოსტი ფორუმზე დაწერა და მისივე ნებართვით ვათავსებ ჩემს ბლოგზე:

მოვისმინეთ თუ არა შეკითხვა, საკითხი დაისვა შემდეგნაირად: ვინ ვიცით ჩრდილოეთ ირლანდიელი მწერალი, ან ამ ქვეყანასთან რომ ჰქონდეს ახლო კავშირი… დავიწყეთ ვერსიების ჩამოთვლა, დავასახელეთ რამდენიმე ირლანდიელი და ინგლისელი, თუმცა ვერცერთი ვერ მოვარგეთ შეკითხვას და ჩამოწვა წყვდიადი… მივუბრუნდით კვლავ სურათს, სურათი ბევრს არაფერს გვპირდებოდა, ერთადერთი კარადა ამბობდა: ,,კარგად დამაკვირდითო” ამ დროს სვანმა: მახსოვს რაღაც, ბავშვები კარადაში შედიან და მერე… კიდევ თქვა რაღაც, მარა ვეღარ მოვუსმინე, წამიერმა ფიქრებმა გამიტაცა და წარსულში გადამისროლა… მოკლედ საქმე იმაშია, რომ ასე 2-3 წლის წინ ბიძასთან ვიყავი სტუმრად ერთი კვირით. ერთ დღეს, სადღაც მიდიოდნენ უფროსები და 2 და 3 წლის ბავშვები მე დამიტოვეს სახლში… ბავშვები ძალიან მიყვარს, მათთან ყოფნას არაფერი მირჩევნია, მაგრამ ის დღე არც თუ ტკბილად მახსენდება დილით ენერგიით სავსე მივედი, საღამოს კი, როცა მშობლები მოვიდნენ ქანცი მქონდა გაწყვეტილი… არაფრად აღარ ვვარგოდი ალბათ მთელი დღის განმავლობაში ფეხბურთი, რომ მეთამაშა ისე არ დავიღლებოდი… ხოდა, იმ დღეს ერთ-ერთი, ყველაზე მშვიდი, ეტაპი იყო მულტფილმების ყურება დავჯექი და ვუყურებდი მეც მათთან ერთად თან მულტფილმებიც მიყვარს ასე თუ ისე… სწორედ მაგ დროს ვუყურე პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად ,,ნარნიის ქრონიკებს” მახსოვს, პატარა იძახდა მე გინდა თუ არა ლუსი ვარო, უფროსმა დამ ჩემდა გასაკვირად, იგივე არ აირჩია (აქ ცოტა დავმშვიდდი) იმან მე უფროსი და ვიქნებიო (სახელი აღარ მახსოვს) მე ერთ-ერთი ძმა ვიყავი მოკლედ, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, მულტფილმი დამთავრდა… ჩავურთე სხვა მულტფილმი და გამოვედი მეორე ოთახში, ვიფიქრე რაიმე საინტერესო წიგნს წავიკითხავ მეთქი… რაღაც კარგი წიგნი ვიპოვე, დაახლ. 5-10 წუთი ვიკითხე, ცოტა აზარტში შევედი… მაგრამ… უეცრად არასასიამოვნო ხმაური შემომესმა… უეჭველად რაღაც გააფუჭეეეს, გადმოაგდეს, დაამსხვრიეს… გავედი და რას ვხედავ, ერთს გრძელი ხის ჯოხი უჭირავს, მეორეს ცოცხი, ძირს გატეხილი ვაზა აგდია… ესენი კი, იმის მაგივრად რო დაიმალონ, ან თუნდაც გაწითლდნენ და დაიმორცხვონ, ყვირიან: ,,ნალნიასათვის, ასლანისათვის წიიიიინ”, თან ქაოტურად იქნევენ ,,ხმლებს” იმდენად კომიკური სიტუაცია იყო, სიცილი ვერ შევიკავე და თუ სწორად მახსოვს ,,საყვედურის თქმაც” ვერ გავუბედე დაუმორჩილებელ “რაინდებს”… მომდევნო დღეებშიც ხშირად მახსენებდნენ ამ არასასიამოვნო ფრაზას: ,,ნალნიასათვის, ასლანისათვის წიიიიინ” ხოდა, როცა სვანმა ბავშვებიო, კარადაო… ინათა… ინათა და მერე როგორ… იგივე ფრაზა, ,,ნალნიასათვის, ასლანისათვის წიიიიინ”… ოპააა, ეს ხომ ,,ნარნიის ქრონიკებია” ძმებო! ,,ნარნიის ქრონიკებზე” დაახლოებით, ერთი კვირის წინ, შეკითხვა დავწერე “ჯეოპარდისთვის”. ამიტომ, სულაც არ გამჭირვებია კლაივ ლუისის გახსენება. არჩილამ (მაგარი კაცია) კი, როგორც ეს სახელი და გვარი ვახსენე, ეგრევე თქვა: ეგ ხომ ჩრდილოეთ ირლანდიელიაო.. ყველა კითხვის ნიშანი გაქრა, პასუხი სწორია ძმებო! მოკლედ, ასე იყო ამ შეკითხვისა და ნარნიას ამბავი, რომელიც თქვენთვისაც მინდოდა მომეყოლა… მაპატიეთ, თუ სიტყვა ძალიან გამიგრძელდა…

არ ვიცი რამდენად შევძელი იმის თქმა, რაც მსურდა მაგრამ მხოლოდ ამ მომენტის განცდისთვის ღირს თამაში, როცა თავში რაღაც აგინთებს და ზუსტად იცი, რომ ეს სწორი პასუხია. ერთი სიტყვით ითამაშეთ და მიხვდებით…

Written by linguistuss

November 16, 2009 at 9:07 pm

ჭონქაძის ქუჩის უცნობი გმირი

with 23 comments

runner

თითქმის ყველა ქალაქში არის ქანდაკება, რომლითაც მისი მკვიდრნი ამაყობენ. მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც უნდა აღინიშნოს, როგორიც ბრიუსელში განლაგებული Manneken Pis და Jeanneke Pis–ია, რომლებიც მრავალ მილიონ ტურისტს იზიდავს. კაცმა რომ თქვას, რა არის ბრიუსელის მშარდავ ბიჭუნასა და გოგონაში განსაკუთრებული, ან რა მაღალ მატერიას გამოხატავენ ისინი?! ჩემი აზრით ამ შემთხვევაში უმთავრესი თავშესაქცევი კონტექსტია, ე.წ. “Just for fun” ქმედებაა, რაც ამოძრავებთ მათ სანახავად დაძრულ ტურისტებს და რაც ამოძრავებდათ ბრიუსელელი გოგონას და ბიჭუნას შემქმნელ “მამებს”. შეიძლება ვინმე შემომედავოს, მანეკენ პისს ისტორიული ღირებულება გააჩნიაო და გამახსენოს ისტორია გოდფრი III–ის ორი წლის ბიჭუნას შესახებ, მოპაექრე ჯარისკაცებს თავზე რომ დააფსა, თუმცა ერთი რამ ფაქტია, მანეკენ პისის ანტიპოდის შექმნის მიზეზი ის თავისშექცევაა, ინგლისელები Fun-ს რომ უწოდებენ და სწორედ ესაა ამ შემთხვევაში არსებითი.

გუშინ ჩვენს სამეგობრო წრეში იშვა იდეა, რომ ჭონქაძის ქუჩის ბოლოში დაიდგას უცნობი გმირის ქანდაკება, რომელიც სტარტზე მყოფი მორბენალის პოზიციაში იქნება ქვაში გამოკვეთილი. შეიძლება ვინმეს დაებადოს შეკითხვა, რატომ მაინცდამაინც ჭონქაძეო, მხრები აიჩეჩოს და თავის გზაზე წავიდეს, ამიტომ თავს უფლებას მივცემ და განვმარტავ თუ რისი სიმბოლო იქნება ჭონქაძის ქუჩის უცნობი გმირი. იგი ჩანაფიქრშივე მარგინალად გვევლინება, რომელიც საზოგადოებამ სიბრაზის ნიადაგზე გარიყა და ჭონქაძის ქუჩაზე გააგზავნა. ამავდროულად ეს ანონიმური ემისარი ერთგვარი ბუმერანგიცაა, რომელმაც ჭონქაძის ქუჩიდან დაშვებულმა, სიჩქარე უნდა აკრიფოს და გამგზავნელისკენ გამოექანოს… გამოქანების მიზეზს შეგნებულად არ დავასახელებ, ჰკითხეთ ვინმეს აუცილებლად დაგაკვალიანებენ!

ჩვენი აზრით თბილისს თავისი გმირი უნდა ჰყავდეს, რომელიც ჭეშმარიტად თბილისურ ენობრივ სივრცეშია შობილი და არა ფრეიდისტული სიმბოლოებით მოაზროვნე რომელიმე ხელოვანის თავში. აღარ გვინდა სახელოვანი მამულიშვილების ქანდაკებები, გავიგეთ რომ გვყავს ისინი, მაგრამ უცნობ გმირებსაც ნუ დავივიწყებთ, რომლებიც ქმნიან ჩვენი ქალაქის ნამდვილ ისტორიას. შესაბამისად ჩვენ გვაქვს იდეა თბილისსაც ჰყავდეს თავისი მანეკენ პისი ჭონქაძის ქუჩის უცნობი გმირის სახით. თუ იდეა მოგწონთ აიტაცეთ და გაავრცელეთ…