ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for October 20th, 2010

ამხანაგის მოღალატეს დამმარხველი არა ჰყავდეს

with 9 comments

მამაჩემმა ბოლო დროს ფეისბუქზე ნოუთების წერას მიჰყო ხელი, ჰოდა სანამ საკუთარი ბლოგი გაუკეთებია, მის რჩეულ ნოუთებს, რომლებიც აქაურობის თემატიკას შეესაბამება, ნელ–ნელა შემოგთავაზებთ.

როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, “ვეფხისტყაოსანი” არ იცნობს სიტყვებს – მეგობარი, მეგობრობა და მათ სანაცვლოდ ყველგან “მოყვარე, მოყვრობა” გვხვდება…. ასე რომ, პატივცემულო პედაგოგებო (ქართული ენისა და ლიტერატურისა–ვ) – ე.წ. თემა სახელწოდებით “მეგობრობა ვეფხისტყაოსანში” გაუმართლებელია (კინაღამ ვთქვია “არაადეკვატურია”–მეთქი), რადგან ამ პოემაში “მეგობრობა” არ არის!

….სამაგიეროდა არის “ამხანაგი, ამხანაგობა” და ეს, კომუნისტებისადმი სიძულვილის გამო, კომუნისტურად შერაცხული სიტყვა სრულიად დაუმსახურებლად რომაა მივიწყებული დღეს, ძალზედ დიდ სამსახურს უწევს რუსთველს:

– სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად (17)
– ეგრე უთხრა: “ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე (261)
– აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათ თანა ვლიდია (442)
– მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი (673)
– ამხანაგობდეს, ლაღობდეს წასლვასა მათ საქმეთასა (1497)
….და ასე შემდეგ.

ბარემ აქვე მოგახსენებთ, თუ საიდან გაჩნდა ეს სიტყვა ჩვენ ენაში: – همخانه (ჰამხანე) – კომპოზიტია: ჰამ – თანა, ხანე – სახლი, ესე იგი “თანამოსახლე” (სიტყვასიტყვით ასეა, აზრი თქვენ გამოიტანეთ); მსგავსი სიტყვებია: ამქარი და ამფსონი, აქაც “ჰამ”–ის ნარჩენი “ამ” ერთად საქმიანობას ან მოქმედებას აღნიშნავს. სხვათა შორის, ძალიან “პოეტური” სიტყვაა სპარსულში “მეზობელი”, მათ ენაზე ეს სიტყვა ასე ჟღერს – ჰამ–საიე, სადაც “საიე” არის ჩრდილი, ანუ მეზობელი ის ადამიანია, ვინც შენთან ერთად ინაწილებს და იზიარებს ჩრდილს…. (შენ, ჩემო თანამეჩრდილევ! – როგორ “გამაზეს” ეს ფრაზა ქართველმა პოეტებმა?!)

ერთი სიტყვით, შორეული წარსულის ირანში დაბადებული მშვენიერი სიტყვა “ამხანაგი” ჯერ შორეული აზროვნების კომუნისტებმა “გააბანძეს” და აგერ, სულ ახლახან შორეული ამერიკიდან წაქეზებულ დემოკრატებს შემოაკვდათ (“მოკლეს” ჩასწორდა “შემოაკვდათ”–ი პოლემიკის შემდეგ).

პოსტის ავტორი: მამაჩემი

Written by linguistuss

October 20, 2010 at 11:35 pm